გაირკვა! საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ფრანგი ვილი სანიოლი გახდა.
კონტრაქტი ორწლიანია და კიდევ ორი წლით გაგრძელებას ითვალისწინებს. მწვრთნელი რომ გვყავს, უკვე კარგია. სერიოზული საფეხბურთო და გარკვეული სამწვრთნელო პრაქტიკაც რომ უმაგრებს ზურგს – მთლად უკეთესი.
ვისაც გახსოვთ „ბაიერნში“ მუდამ მებრძოლი სანიოლი, ალბათ ხანდახან დაგიჭერიათ მის თამაშში სუფთა გერმანული გაუტეხლობა და ბრძოლის ჟინი. ესეც მისი, როგორც პიროვნების მახასიათებელი და კიდევ ერთი პლუსი.
ყველა „მაგრამზე“ მაშინ იქნება უპრიანი საუბარი, როცა მუსიე ვილი თბილისში ჩამოვა და ყველა საჩოთირო კითხვაზე გაგვცემს პასუხს…
ნაკრების პირველ შეხვედრამდე კი სულ 38 დღეა დარჩენილი.
ბუნებრივია, ამ დროში ახალი მწვრთნელი არათუ ფეხბურთელთა საქმეში ნახვას, თითო მატჩის ჩანაწერის ნახვასაც ვერ მოასწრებს. ავტომატურად დგება ქართველი ასისტენტის საკითხი, რომელიც სამიდან (ფრანგული, გერმანული, ინგლისური) რომელიმე ენას გამართულად ფლობს. აი, ამ ასისტენტის ვინაობა ძალიან ბევრს გვეტყვის.
რაც შეეხება სათამაშო სტილს, შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან მეორე ნომრობა მოგვიწევს. არადა, სიფრთხილე და დაცვიდან თამაში არც ზიდანი – ანრი – მაკელელესდრონდელ საფრანგეთის ნაკრებს სჩვეოდა, რომელშიც სანიოლი თავად თამაშობდა და არც მის დროინდელ „ბაიერნს“.
ვილის ფეხჩართული ფეხბურთი უყვარს. კიდევ ერთი ფაქტორი სამწვრთნელო გამოცდილებაა. ერთი წელი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და ორიც ფრანგულ „ბორდოში“. „ბაიერნი“ არ ითვლება.
სანიოლი 2017 წლის ზაფხულში აიყვანეს კარლო ანჩელოტის შტაბში. უკვე 29 სექტემბერს კარლიტო მოხსნეს და მოვალეობის შემსრულებლად ვილი დანიშნეს… ზუსტად 8 დღით და ერთი თამაშით, ვიდრე რუმენიგემ მწვრთნელობაზე იუპ ჰაინკესი დაიყოლია.
არამც და არამც არ ვნავსავთ ვილი სანიოლს. უბრალოდ ვაფიქსირებთ, რომ ბევრი გარემოებაა მის წინააღმდეგ. თუ საქმეს რეალურად შევხედავთ, ამ შესარჩევში მისგან არც არაფერი გვაქვს მოსათხოვი და მერე ვნახოთ…
თუმც, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებები ვილი!