„მანჩესტერ სიტიში” კვლავ ილქაი გუინდოგანმა გაიბრწყინა. თურქული წარმოშობის გერმანელმა, რომელიც იანვარში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, წინა ტურში, „ენფილდზე”, „ლივერპულს” ხომ გაუტანა ორი გოლი და წუხელ, „ტოტენჰემ ჰოთსპურთანაც” ორი შეაგდო.

მიაქციეთ ყურადღება: „ქალაქელებმა” მიჯრით მოუგეს „ლივერპულსა” და „სფურზს”. პეპ გვარდიოლას გუნდი ჩინებულ ფორმაშია.

„სიტიმ” „ტოტენჰემს” 3:0 აჯობა. ორ გოლზე უკვე მოგახსენეთ, ისინი გუინდოგანმა გაიტანა (ვიდეოში ყურადღება მიაქციეთ გერმანელის მეორე გოლს, უფრო სწორედ საგოლე პასს, რომელიც მას მეკარე ედერსონმა მიაწოდა), მესამე კი ესპანელმა როდრიმ პენალტით შეაგდო, მაგრამ ის პენალტიც გუნდოგანის მოპოვებული იყო.

ერთადერთი, რამაც გერმანელსა და გვარდიოლას ზეიმი გაუფუჭა თამაშის მიწურულს საზარდულის ტრავმა იყო — ნახევარმცველმა მოედანი ნაადრევად დატოვა.

ის, რომ „მანჩესტერ სიტიმ” ბოლო 16 შეხვედრა მოიგო და ცხრილში მდევარ „ლესტერ სიტის” 7 ქულით უსწრებს (თან თამაში მარაგში აქვს), დიდწილად სწორედ გუნიდოგანის დამსახურებაა.

„სიტისა” და „ტოტენჰემის” მატჩი კიდევ იმით იყო საყურადღებო, რომ ჟოზე მოურინიუ ისევ გაწბილდა. არადა, ჩრდილოლონდონელებმა კინაღამ გახსნეს ანგარიში: ჰარი კეინის დარტყმული ძელს მოხვდა.

მაგრამ, „სიტიმ” მალე ყველაფერი დაალაგა, პენალტი მოინადირა და… კინაღამ ვერ გაიტანა. როდრის დარტყმული „სფურზის” მეკარე უგო ლორისმა თითქმის მოიგერია.

„ძალიან მიყვარს, როდესაც ფეხბურთელები ინიციატივას იჩენენ და პენალტს არტყამენ, მაგრამ როდრი ჩვენი პენალტისტი ვერ გახდება. მან ცუდად დაარტყა. ბიჭები გასახდელში ხუმრობდნენ, მე კი არ მეხუმრება, პენალტისტის ამბავი მაფიქრებს. ჩვენ უნდა გვყავდეს ნამდვილი სპეციალისტი, რომელიც თერთმეტმეტრიანებს კარგად დაარტყამს. ამაზე უნდა ვიმუშაოთ”, — თქვა მატჩის შემდეგ პეპ გვარდიოლამ.

„სიტის” მდევართაგან დღეს, ვესტ ბრომვიჩში, „მანჩესტერ იუნაიტედი” თამაშობს.