მარკ ჰელსიმ მსაჯობას თავი 2013 წელს დაანება

ყოფილი ფიფას არბიტრი, ინგლისელი მარკ ჰელსი შიშობს, რომ მუქარა სოციალურ მედიაში მაიკ დინსა და სხვა მსაჯებს პროფესიიდან წასვლას აიძულებს. ამასწინათ, დინმა მერსისაიდის პოლიციას დახმარებისთვის მიმართა. მასა და მისი ოჯახის წევრებს თურმე სიკვდილით ემუქრებოდნენ.

52 წლის დინმა პოლიციის გარდა პრემიერლიგასაც მიმართა. ლიგის შეფებთან მას ასეთი თხოვნა ჰქონდა — უახლოეს ტურში არცერთ თამაშზე არ დაენიშნათ.

ჰელსი, რომელიც დღეს „სანის” ექსპერტად მუშაობს, 2013 წელს სწორედ მუქარების გამო წავიდა პროფესიიდან. ახლა ის ამბობს, რომ შესაძლოა მის მაგალითს სხვებმაც მიმართონ.

„როგორც წარსულში, ასევე დღეს, სოციალური მედიით ბევრ მსაჯს ემუქრებიან. მეც იგივე შემემთხვა. ეს საზიზღრობაა.

რეალურად, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც მე მსაჯობას თავი დავანებე, მუქარა იყო.

თან, განა მარტო არბიტრებს ემუქრებიან. ემუქრებიან აგრეთვე მათ ოჯახებს. ასეთ პირობებში კი მაიკი და ჩემი სხვა კოლეგები, რასაკვირველია, ფიქრობენ: ღირს კი ფეხბურთი ამ ყველაფრად?

სოცილაურ მედიაში მომუშავე სხვადასხვა პლატფორმამ თავისი კლიენტურა აგრესიისგან უნდა დაიცვას. ტვიტერმა, ინსტაგრამმა და ფეისბუქმა უფრო მკაფიოდ უნდა დაამუშაონ რა შეიძლება იყოს საჯარო და რა უნდა დაიბლოკოს. ვფიქრობ, ისინი ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ”.

მერსისაიდის პოლიციამ კი განაცხადა, რომ სწავლობს მისტერ დინისთვის გაგზავნილი მესიჯებს.

მაიკ დინის წინააღმდეგ აგრესიულმა ფანებმა სოციალურ ქსელებში იმიტომ გაილაშქრეს, რომ მან ოთხდღიან მონაკვეთში (მიუხედავად იმისა, რომ VAR-ის დახმარება გამოიყება) მოედნიდან ჯერ „ვესტ ჰემის” მოთამაშე ტომაშ სუჩეკი გააძევა, შემდეგ კი საუთჰემპტონელი იან ბედნარეკი. ბევრმა ჩათვალა, რომ ორივე გადაწყვეტილება საკამათო იყო.

ინგლისელ მსაჯთა მთავარ ორგანიზაციაში, რომელსაც ჰქვია Professional Game Match Officials Limited დინის შეფმა მაიკ რაილიმ ორივე გაძევება გააუქმა, მაგრამ ის კი თქვა, რომ არბიტრზე გალაშქრება სრულიად დაუშვებელია.

ვნებათაღელვის მიუხედავად, ხვალ დინი უნდა მოემსახუროს ასოციაციის თასის მერვედფინალურ შეხვედრას „ლესტერსა” და „ბრაიტონს” შორის.