ფორმულა 1-ს გერმანულმა საჯინიბო „მერსედესმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა ბრიტანელ ლუის ჰემილტონთან თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.
წინა კონტრაქტს ვადა დეკემბერში გაუვიდა, ახალი კი ერთწლიანი იქნება. პრინციპში, ჰემილტონს მიზნის მისაღწევად ერთი წელიც ჰყოფნის და ამ სეზონში ჩემპიონობისთვის არაფერს დაიშურებს.
ბრიტანელი უკვე 36 წლისაა და ყველაზე ელიტურ ავტორბოლებში თითქმის მაქსიმუმს მიაღწია. მის ანგარიშზეა ყველაზე მეტი მოგებული გრან-პრი (95) და საკვალიფიკაციო რბოლა (98). ერთადერთ რეკორდს, რომელიც პერსონალურად არ ეკუთვნის, ჰემილტონი ლეგენდარულ მიხაელ შუმახერთან იყოფს – ორივე 7-გზის ჩემპიონია.
სწორედ მე-8 ჩემპიონობა და შუმახერის უკან მოტოვება ამოუჭრია გულში ლუისს. ამის გაკეთება ყველაზე რეალური სწორედ „მერსედესის“ ბოლიდით იქნება და ფულსაც არა უშავს, უხდიან.