სერხიო რამოსის გარეშე ძნელია, მაგრამ „რეალი” ამას უნდა შეეჩვიოს. კაპიტანი ცუდ დროს დაშავდა. თითქმის თვე გავიდა მას მერე, რაც რამოსმა ბოლოს ითამაშა — „ბილბაოსთან”, სუპერთასზე, 14 იანვარს — ახლა კი ცნობილი გახდა, რომ 34 წლის ვარსკვლავს კიდევ ორი თვე მოუწევს უქმობა. მადრიდის კლუბმა დაადასტურა, რომ მან მუხლის ოპერაცია გაიკეთა და აღდგენის პერიოდი ეწყება. ასეთი მძიმე ტრავმის გადატანა და ხანგრძლივი მკურნალობა კი რამოსს კარიერაში პირველად უწევს.
„რეალის” კაპიტანი ცუდ დროს მხოლოდ გუნდისთვის კი არ დაშავდა, ოპერაციამ შეიძლება მის საკონტრაქტო საქმეებსაც ავნოს. რამოსს „ლოს ბლანკოსთან” ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება, რის გამოც კლუბთან ახალ მოლაპარაკებებს აწარმოებს და პროცესი გვარიანად მძიმედ მიდის, ტრავმამ კი მისი პოზიციები შეასუსტა. ახლა გამოდის, რომ კაპიტანი მოედანს აპრილში დაუბრუნდება და თუ რაიმე სურპრიზი არ მოხდა, კვლავ ახალი კონტრაქტის გარეშე იქნება.
„მარკამ” კი ამასობაში სტატისტიკას გადაავლო თვალი და დაწერა, რომ „თეთრებს” კაპიტნის გარეშე კარგი შედეგების მიღწევა უჭირთ. მიმდინარე სეზონში რამოსმა ათი თამაში გამოტოვა და აქედან ხუთში „რეალი” დამარცხდა.
პირველად ეს მოხდა 17 ოქტომბერს, როდესაც მადრიდს „კადისი” სტუმრობდა. ამ შეხვედრის პირველ ტაიმში რამოსი დაშავდა და შესვენებისას შეცვალეს. მატჩი „რეალმა” 0:1 წააგო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სტუმრებმა გოლი ჯერ კიდევ კაპიტნის მოედანზე ყოფნის დროს გაუშვეს.
შემდეგი მატჩი „თეთრებს” ჩემპიონთა ლიგაში, „შახტართან” ჰქონდათ. რამოსის გარეშე, „რეალმა” ისევ წააგო.
ნოემბერსა და დეკემბერში ვეტერანმა კუნთის ტრავმის გამო ხუთ შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა. ამ მატჩებში მადრიდმა აჯობა „ინტერსა” და „სევილიას”, დამარცხდა „ალავესსა” და „შახტართან”, ხოლო „ვილიარეალთან” ფრედ ითამაშა.
14 იანვრის შემდეგ კი „რეალმა” ლა ლიგის სამი მატჩიდან ორი მოიგო და ერთი წააგო. „თეთრები” დამარცხდნენ თასზეც, უსახელო „ალკოიანოსთან”.
ლა ლიგის ბოლო შეხვედრაში, გუშინ, „რეალმა” უესკაში მოიგო 2:1.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 08:52ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 07:49არგენტინამ ერთი საათით მეტი ითამაშა და სხვა სტატისტიკა
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
