იტალიელი ფაშისტი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილმა, 18 წლის რომანო ფლორიანი მუსოლინიმ, „ლაციოსთან“ პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის კლუბის აკადემიის აღზრდილია.
რომანო ამპლუით მარჯვენა მცველია და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
მაგრამ ყველაფერი ასე იოლად არ არის. თუ გავიხსენებთ კლუბის ულტრამემარჯვენე ფაშისტურ დაჯგუფებებთან ადრინდელ კავშირს, საზოგადოებაში უკვე კითხვები გაჩნდა.
ბენიტო მუსოლინი იტალიური ფაშიზმის ფუძემდებელი, დიქტატორი პრემიერ-მინსიტრი გახლდათ მეორე მსოფლიო ომის დროს. „დუჩე“ – 1922-43 წლებში მართავდა ქვეყანას. მერე, ორი წელიწადი, უკვე იტალიის სოციალური რესპუბლიკის თავკაცი გახლდათ.
1945 წლის აპრილში, როცა შეატყო, მარცხდებოდნენ, ქვეყნიდან გაქცევა სცადა, მაგრამ იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს და დახვრიტეს. ეს ამბავი ადოლფ ჰიტლერის სიკვდილამდე ორი დღით ადრე მოხდა.
თუმცა, რომანოს დედა, ალესანდრა, რომელიც პარლამენტის ყოფილი დეპუტატია, ამბობს, რომ სისულელეა მისი შვილის გვარის პოლიტიკასთან დაკავშირება. ახლა მთავარია საფეხბურთო კარიერა და არა გარედან მოთრეული რაღაც პროვოკაციული ჭორები.
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო – დასძენს სინიორა ალესანდრა – ჩემი შვილი პოლიტიკისგან ძალიან შორსაა. გთხოვთ მის პირად ცხოვრებაში ნუ ჩაერევით.“
რომანოს მწვრთნელი, მაურო ბიანკესი ამბობს: „ძალიან თავმდაბალი ყმაწვილია. არასოდეს დაუჩივლია, მაშინაც კი, როცა ორ წელიწადს ძირითადში არ ათამაშებდნენ. მომწონს. მართალია, გამოცდილება აკლია, მაგრამ ძალიან პერსპექტიულია.
გვარი? მის მშობლებთან არასოდეს მისაუბრია, თუმცა მთავარია როგორ ითამაშებს, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.“
იტალიური გაზეთები კი წერენ, რომ „ლაციოს“ მაისურზე გვარი მუსოლინის გამოჩენამ, შეიძლება კლუბის ულტრამემარჯვენე ფანების ჯგუფები წაახალისოს, რომლებიც ფაშისტური მიდრეკილებებით გამოირჩევიან.