„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ ბრუნო ფერნანდეში ტელევიზორში თითქმის ყველა საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციას უყურებს, ხოლო კონკურენტების, „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” შეხვედრებს არასდროს ტოვებს. სულშერის აზრით ფერნანდეში შეძლებს ზიდოს „იუნაიტედის” თილისმის მძიმე ტვირთი.

„მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლოს ინგლისის ჩემპიონი 2013 წელს იყო. მიმდინარე სეზონში გუნდი კვლავ ტიტულისკენ მიიწევს, თუმცა ორიოდ დღის წინ, პრემიერლიგის მაჩანჩალა „შეფილდ იუნაიტედმა” „ოლდ ტრეფორდზე” 2:1 მოუგო და დააბრკოლა. ამ წაგების გამო ცხრილს სათავეში ეგრეთწოდებული ხმაურიანი მეზობელი „მანჩესტერ სიტი” მოექცა. „სიტიმ” „ვესტ ბრომვიჩს” მოუგო 5:0.

პეპ გვარდიოლას გუნდს „იუნაიტედზე” ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. შთამბეჭდავია „ქალაქელების” ბოლოდროინდელი სტატისტიკაც: ზედიზედ 7 მოგებული მატჩი და ზედიზედ 11 შეხვედრა, რომელშიც არ დამარცხებულან.

ჩემპიონი, „ლივერპული”, „სიტის” 4 ქულით ჩამორჩება. მასაც ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. „მანჩესტერ სიტი” და „ლივერპული” 7 თებერვალს „ენფილზე” ხვდებიან ერთმანეთს.

სულშერი ამბობს, რომ ფერნანდეში ამ მატჩს მოუთმენლად ელის. კაცი, რომელიც ყველაფერს უყურებს, ცხადია, ამ დღეს გაფაციცებული იჯდება ეკრანის წინ.

„ბრწყინვალე! — უპასუხა ნორვეგიელმა მწვრთნელმა, როდესაც ჰკითხეს, თუ როგორი გავლენა მოახდინა პორტუგალიელმა „მანჩესტერ იუნაიტედზე” ბოლო ერთ წელიწადში, მას რაც მანკუნიანელებს ლისაბონის „სპორტინგიდან” შეუერთდა, — ის პირველი დღიდან ცდილობდა აქაურ სათამაშო გარემოს, გუნდს დატყობოდა.

ბრუნო დიდებული შენაძენია. ის მოკრძალებული ადამიანია, ბევრს მუშაობს, ხოლო იმას, თუ რას აკეთებს მოედანზე, ვფიქრობ ყველა თვალნათლივ ხედავს. მის მიერ „იუნაიტედში” გატარებული პირველი წლით ძალიან კმაყოფილი ვარ. მომავალში კი რაც უფრო მაღლა ავალთ, მით უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ მოვექცევით. ეს ყველას ეხება. ცხადია, ეხება პირადად ფერნანდეშსაც.

დღეს ის ყურადღების ცენტრშია, მაგრამ გაუძლებს. ის არის კაცი გამარჯვებულის მენტალიტეტით და საკუთარი აზრით. ის არ არის თანახმა, თამაშმა ჩაიაროს და მერე იფიქროს მასზე. მას უნდა, ყველა შეხვედრის მსვლელობაში ჩაერიოს. ბრუნოს გამარჯვება სწყურია და თავისი პლიუს-მინუსების ამბავიც კარგად იცის. კარგად იცნობს თავის გუნდს. ხვდება, რაზე როგორ უნდა მოახდინოს გავლენა.

ფერნანდეში ტელევიზორში ყველა მატჩს უყურებს, განსაკუთრებით დიდ შეხვედრებს. არ ყოფილა შემთხვევა მისთვის მეკითხოს ესა თუ ის თამაში ნახა თუ არა და მას არა ეპასუხოს. ის ცდილობს თავის კარიერას მაქსიმუმი გამოწუროს”.

კვირის დასაწყისში თავად ფერნანდეშმაც თქვა, რომ ფიზიკური და მენტალური ზეწოლის გაძლება არ უჭირს.

„დავიღალე თუ არა? 26 წლის ვარ, როგორ შეიძლება დავიღალო. ახლა რომ დავიღალო 30-32 წლისა ხომ საერთოდ უნდა წავიდე ფეხბურთიდან.

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ წაგება ჩვეულებრივი მოვლენაა. წაგებაში ნორმალური არაფერია და მინდა გითხრათ, რომ ჩემი მენტალიტეტის ამოსავალი წერტილიც ეს არის. არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშები, მეგობარს, ძმას თუ მეზობელს, მე ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვი”.

დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედი” „არსენალს” ხვდება. თამაში ლონდონშია და „მეთოფეთა” მწვრთნელი მიკელ არტეტა იქადნება, რომ დროა ამ ორი გუნდის შეხვედრა ისეთივე დაძაბული გახდეს, ადრე რომ იყო, როდესაც ჩხუბიც კი ხდებოდა.