საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველოსა და რუსეთის გარდა, საფრანგეთისა და სომხეთის ნაკრებები არიან. ამ დროისთვის ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრაა გამართული. საფრანგეთისა და საქართველოს პირველი მატჩი 2020 წლის, 8 დეკემბერს, ფრედ 4:4 დასრულდა.
ევრო 2022 ნიდერლანდებში გაიმართება და მასპინძელი ქვეყანა ავტომატურად დაშვებულია. რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს, ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული საგზურებს პირდაპირ მიიღებს. შანსი აქვთ მეორეადგილოსნებსაც – ექვსი საუკეთესოც ნიდერლანდებში გაემგზავრება, ხოლო კიდევ ერთ საგზურს ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული უარესი მაჩვენებლის გუნდები ფლეი ოფში გაითამაშებენ.
მომდევნო მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდს 2 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში რუსებთან ექნება. მეტოქე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია…
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ ასეთია:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი);
წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (აელი, კვიპროსი), შოთა თოფურია, ვახტანგ კეკელია, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ ჯვარაშვილი (ყველა თელასი-ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (პეტროვი, ლატვია), ბინიო (ოსასუნა, ესპანეთი), შაგინია (ბეტისი, ესპანეთი), ელისანდრო (სან-ჯუზეპე, იტალია), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ), რონინიო (ხერსონი, უკრაინა).
ნაკრები ჯერ არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს, ორი ლეგიონერი – ირაკლი თოდუა და ელისანდრო გუნდს დღეს შეუერთდება.
პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. მატჩზე შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან მედიის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, 7 თებერვალს თბილისს რუსი მორაგბეებიც ეწვევიან და ის მატჩიც უმაყურებლოდ გაიმართება.