7 თებერვალს საქართველოს რაგბის სათამაშოდ რუსეთი ესტუმრება. ეს არის რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის მე-5 ტურის შეხვედრა, რომელიც აქამდე ორჯერ გადაიდო.

მატჩი „მიხეილ მესხზე“, 15 საათზე უმაყურებლოდ გაიმართება. თუმცა, ეს არაფერი – თამაშზე არ დაიშვებიან არც სპორტული ჟურნალისტები.

საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდზე წერია:

მთავარი - Rugby„საქართველოს რაგბის კავშირის COVID 19-ის რეგულაციების შესაბამისად რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის მე-5 (ბოლო) ტურის, საქართველო-რუსეთის მატჩზე (7 თებერვალი, 15:00, მ.მესხის სტადიონი) მედია საშუალებების წარმომადგენლები არ დაიშვებიან.“

აგერ თითქმის წელიწადია მთელ პლანეტაზე კორონავისრუსია გავრცელებული, მაგრამ მსგავსი აბსურდული გადაწყვეტილება, არცერთ სპორტის სახეობაში, არცერთ ქვეყანას არ მიუღია.

კი, მართალია, ჩვენი ნაკრებისთვის ეს მატჩი არაფერს წყვეტს და ჩემპიონობა განაღდებული აქვს, მაგრამ როდის ყოფილა, რომ ჟურნალისტები მხოლოდ საჩემპიონო თამაშებზე დადიოდნენ, ანაც მოვალეობის მოხდის მიზნით?

სპორტის ამ სახეობის საერთო „კარჩაკეტილობაზე“ ბევრი გაგვიგია, გვსმენია, დაგვიწერია, მაგრამ ჟურნალისტების იგნორირება ახალი ქართული ტრენდია? ქართული რაგბი მარტო თქვენი თამაშია? უკაცრავად და… თვალში ხომ არ გეპატარავებით? ცარიელ „მიხეილ მესხზე“ 20-30 ჟურნალისტის რეგულაციებით დასწრება რამე პრობლემას წარმოადგენს? უპრეზიდენტო რაგბის კავშირში რომელმა ჯგუფმა მიიღო ეს გადაწყვეტილება? მაინც და მაინც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უნდა დაემსგავსოთ?

თუმცა, რა მედია-საშუალებების დასწრება, წელიწადია პრეზიდენტი ვერ აგირჩევიათ…

პრეზიდენტის ხსენებაზე… ხომ თვალსაჩინო ფაქტია, რომ გია ნიჟარაძის ხელმძღვანელობის შემდეგ ქართული რაგბი უკან და უკან მიდის?! საშველიც რომ არ ჩანს?!

P.S. დარწმუნებულნი ვართ, საქართველოს რაგბის კავშირი ყველაფერს „რაგბი ევროპას“ გადააბრალებს. არადა, გარკვევით წერია – საქართველოს რაგბის კავშირის COVID 19-ის რეგულაციების შესაბამისად…