თომას ტუხელმა „ჩელსიში” პირველი ვარჯიში ჩაატარა. ის დასავლეთლონდონელთა მწვრთნელად ორშაბათს მოხსნილი ფრენკ ლემპარდის ნაცვლად დანიშნეს. დღეს კი „ჩელსი” უკვე „ვულვერჰემპტონს” ეთამაშება და კაცმა, რომელიც შობა საღამოს ჯერ კიდევ „პარი სენ ჟერმენს” ედგა სათავეში, 27 იანვარს, სულ სხვა გუნდს, სულ სხვა ჩემპიონატში სამი ქულა უნდა მოაპოვებინოს. თან, ჩასვლიდან მეორე დღეს.

გერმანელს „ლურჯები” პრემიერლიგის ცხრილში მეათე ადგილზე ხვდებიან. გუნდმა ბოლო რვა თამაშიდან ხუთი წაააგო.

ტუხელს კობჰემის საწვრთნელ ბაზაზე მალევე შეეტყო, რომ ლონდონში მომზადებული ჩავიდა. ახალი მოთამაშეების რიხიანად დამოძღვრას გერმანელი, ფაქტობრივად, მათი გაცნობისთანავე შეუდგა.

ერთადერთი, ვინც შესაძლოა მას ინტერესით კი არა, გაღიზიანებული უყურებდა, 36 წლის ბრაზილიელი ტიაგო სილვაა, რომელიც 2020 წელს პსჟ-დან მთლად კმაყოფილი არ წამოვიდა და ბედი არ გინდა, მწვრთნელიც კუდში გამოჰყვა.

თუმცა, ტუხელის მთავარი საფიქრალი მისი თანამემამულეების, კაი ჰავერცისა და ტიმო ვერნერის ისე ათამაშებაა, ბუნდესლიგაში რომ თამაშობდნენ. „ჩელსის” მეპატრონემ, რომან აბრამოვიჩმა ზაფხულზე ახალ ფეხბურთელებში 220 მილიონი გირვანქა გადაიხადა და ახლა შედეგს ელის. ვინ იცის, „ჩელსიში” ტუხელზე არჩევანი იმიტომაც შეაჩერეს, რომ გერმანელია და იფიქრეს, გერმანელ ფეხბურთელებს უფრო გახსნისო.

ასეა თუ ისე, ახალ მწვრთნელს პირველ ვარჯიშზე ეტყობოდა, რომ სერიოზული ფიგურაა. ცნობილია მისი საყვარელი სქემაც: 3-4-3. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო დროს მეორე პლანზე გადასროლილ კიდევ ერთ გერმანელს ანტონიო რუდიგერს ის, სავარაუდოდ, დაეყრდნობა, ხოლო ფრანგი ნგოლო კანტე მისთვის ჩვეულ, ცენტრალური ნახევარმცველის კლასიკურ პოზიციას დაუბრუნდება.