7 თებერვალს, 15 საათზე „მიხეილ მესხზე“ საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები „რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატის დაგვიანებული წერტილის დასმას შეუდგებიან – ეს თამაში ხომ შარშანდელი მარტიდან მოყოლებული ორჯერ გადაიდო.

რუსები ამ თამაშისთვის კარგა ხანია ემზადებიან და დროდადრო მუქარანარევ მესიჯებსაც ახმოვანებენ. მეტი რა დარჩენიათ და ამაზე კარგად სხვა რა ეხერხებათ…

თუმცა, შევეშვათ „დათვებს“ და ჩვენს გუნდს გადავხედოთ. თაობათა ცვლა ინტენსიურად კი მიმდინარეობს, მაგრამ ბორჯღალოსანთა დამრიგებელი ლევან მაისაშვილი მაინც ფრთხილობს და იმ მიზეზით, რომ ახალი სანაკრებო სეზონის პირველი მატჩი ყოველთვის რთულია, თანაც რუსებთან შეხვედრას ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, აცხადებს, რომ 7 თებერვალს „შემოდგომის ერთათასზე“ გამოცდილ ბირთვს დაეყრდნობა. დავეთანხმებით ლევანს. და რა ხდება გუნდში? ვინაიდან თამაშამდე კიდევ 2 კვირაა დარჩენილი, ჩვენი ნაკრების ხელმძღანელობამ შემდეგი რამ მოიფიქრა: შეკრიბა უკლუბო, რუსეთის კლუბებში მოასპარეზე და თბილისში მყოფი, ასევე დიდი 10-ისა და პირველი ლიგის კლუბებში მოთამაშე მორაგბეები, სულ 22 კაცი და მათგან შეირჩევა რამდენიმე, ვინც ლეგიონერებს შეუერთდება და „დათვების“ წინააღმდეგ ითამაშებს კიდეც.

ეს საინტერესო სიახლეა, რადგანაც შექმნილ ვითარებაში ნაკრების ზღურბლზე მყოფ მოთამაშეებს განვითარების სხვა ვარიანტი აღარც დარჩენიათ. გარდა ამისა, ჯაბა ბრეგვაძე და ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე პანდემიის გამო უკლუბოდ არიან დარჩენილნი და გუნდთან ერთად თამაში მათ მზადყოფნასაც დიდად წაადგება.

არიან ახლებიც. მაგალითად სრულიად ახალგაზრდა 9 ნომერი გორგი მარგალიტაძე და მგეზავი ლუკა მატკავა. ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობთ მხტომელ იოსებ გუშარაშვილსაც, რომელიც საფრანგეთიდან დაბრუნდა. ნაკრებში აქამდე არასდროს უთამაშია ქუთაისის „აიას“ კაპიტანსა და უპირობო ლიდერ გიორგი ბაბუნაშვილს და შანსი მასაც მიეცა. სანაკრებო კეპები არც სანდრო მამამთავრიშვილს აქვს, არც თემურ კოხოძეს, ხოლო ნიკა სუხაშვილის პერსონა განსაკუთრებულ ინტერესს იმიტომ იწვევს, რომ ის შარშან რუსეთის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, თანაც ნიკა კვალიფიციური 8 ნომერია და ამ პოზიციაზე ბექა გორგაძის მძიმე ტრავმამ და ფრანგული კლუბების ურჩობამ შესაძლოა პრობლემები შეგვიქმნას.

მოკლედ, მაისაშვილი ჯერჯერობით ქვემოთ ჩამოთვლილ 22-ს აკვირდება, სარუსეთო 30-32-კაციან გაფართოებულ რაზმს კი ერთ კვირაში ჩამოწერს.

 

თბილისის შეკრებაზე მყოფი მორაგბეების სია სრულად ასე გამოიყურება:

 

შერკინება

ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჭყოიძე, ნოდარ ჭეიშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ნიკა სუხაშვილი.

 

9-10

გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა, გიორგი ბაბუნაშვილი, ლაშა ხმალაძე.

 

უკანა ხაზი

დემე თაფლაძე, მერაბ შარიქაძე, ლაშა ლომიძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ალექსანდრე თოდუა, აკა ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე, თემურ კოხოძე, სანდრო სვანიძე, დავით ნინიაშვილი, სოსო მათიაშვილი.