„პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია გააფორმოს კლუბთან ახალი კონტრაქტი თუ არა. 22 წლის ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან თანამშრომლობის 18 თვე დარჩა, „რეალი” და „ლივერპული” კი უკვე კალთებს ახევენ, ჩვენთან გადმოდიო.

„რეალის” ინტერესის შესახებ ადრეც ბევრს წერდნენ. ცნობილია, რომ მადრიდელთა მწვრთნელი, მბაპეს თანამემამულე ზინედინ ზიდანი მის გადაბირებაზე ოცნებობს, მაგრამ ვერაფერს გამხდარა, რადგან თავად მბაპემ არ იცის, მომავალში რა სურს.

პარასკევს, „მონპელიესთან” 4:0 გამარჯვების შემდეგ, ორი გოლის ავტორმა Telefoot-ს ასე უთხრა:

„პსჟ-თან მოლაპარაკებებს განვაგრძობთ. გვინდა თანამშრომლობის ყველაზე მისაღებ ვარიანტზე შევჯერდეთ. ჯერჯერობით სულ იმას ვიმეორებ რომ ამ ეტაპზე არაფერი გადამიწყვეტია, რადგან, ვფიქრობ, თუ ახალ კონტრაქტს დავყაბულდები, მერე უკვე მორჩა… დიდხანს მომიწევს „პარი სენ ჟერმენთან” თანამშრომლობა.

პარიზში თავს ბედნიერად ვგრძნობ. აქ, ყოველთვის ბედნიერი ვიყავი. კლუბიცა და გულშემატკივრებიც მხარში მედგნენ და ამიტომ მუდამ მათი მადლიერი ვიქნები, მაგრამ დროა დავფიქრდე, რა მინდა მომდევნო წლებში და სად მიჯობს თამაში. ვიცი, ეს ყველაფერი მალე უნდა გადავწყვიტო, მაგრამ ჯერჯერობით ვფიქრობ. გადაწყვეტილი რომ მქონოდა, დღესვე გეტყოდით.

არ მინდა კონტრაქტს ხელი მოვაწერო და ერთ წელიწადში ვთქვა, რომ წასვლა მინდა. თუ დარჩენას გადავწყვეტ, ესე იგი უნდა დავრჩე და ეს დაფიქრებად ღირს”.

„პარი სენ ჟერმენს” კი ამასობაში ახალი მწვრთნელი ჰყავს, მაურისიო პოჩეტინო, რომელმაც თომას ტუხელი შეცვალა. მბაპე მისი მუშაობის სტილს ახლა ეცნობა, ახალ თავკაცს ეგუება.

ახალგაზრდა თავდამსხმელმა პარიზული კლუბის შემადგენლობაში უკვე მოასწრო 146 მატჩის ჩატარება და 104 გოლის გატანა. გასულ სეზონში მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. მიმდინარე ჩემპიონატში, ყველა შეჯიბრებაში ერთად კი მბაპემ 22 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და საფრანგეთის ჩემპიონის მეოთხე ტიტულამდე ალბათ, ბევრიც არაფერი აკლია.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ ყველაზე მეტად მბაპეს შეძენით მაინც „რეალია” დაინტერესებული. მადრიდულ კლუბში თავდამსხმელის გადაბირების მთელი გეგმა შეუდგენიათ და „ოპერაცია მბაპე” დაურქმევიათ. „ლოს ბლანკოსის” ვარაუდით, ბომბარდირი დაახლოებით 150-222 მილიონი ევრო დაუჯდებათ — ალბათ, ფიქრობენ, რომ „პარი სენ ჟერმენი” 2018 წელს, ნეიმარის სანაცვლოდ „ბარსელონასთვის” გადახდილი თანხის ამოღებას შეეცდება.