გერმანელი ვეტერანი და ბლოგერი დიტმარ ჰამანი ამბობს, რომ ტიაგო ალკანტარამ „ლივერპული” უარესი გუნდი გახადა. მიზეზი: მისი ფეხბურთი შეიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც იურგენ კლოპის ფეხბურთს არ სჭირდება.

ტიაგო „ენფილდზე” სექტემბერში გადაბარგდა. ის ინგლისის ჩემპიონმა „ბაიერნიდან” გადაიბირა და ამ ტრანსფერს თან დიდი ზარ-ზეიმი ახლდა, მაგრამ შემდეგ, წარმოშობით ბრაზილიელი ესპანელი დაშავდა.

ალკანტარა მოედანს საშობაოდ დაუბრუნდა, ეს კი მერსისაიდელთათვის ცუდი დრო იყო, გუნდმა ზედიზედ სამ შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი.

ჰამანი, რომელიც „ლივერპულში” 1999-2006 წლებში თამაშობდა, ამბობს, რომ 29 წლის ნახევარმცველი ცუდი ფეხბურთელი არ არის, უბრალოდ სხვანაირია.

„ტიაგოს გამოჩენა „ლივერპულის” თამაშის დინამიკას შეცვლის და ვფიქრობ, ამით გუნდი წააგებს. ალკანტარა საუკეთესოა, როდესაც გუნდი დიდხანს ათამაშებს ბურთს, ხანგრძლივი გათამაშება კი ის ტაქტიკაა, რომელსაც ბოლო წლების „ლივერპული” ყველაზე ნაკლებად მიმართავს”, — წერდა გერმანელი „ტვიტერში”, სამშაბათს კი მან talkSPORT-ის სტუდიაში სცადა თავისი პოზიციის გამყარება.

დიდი ჰამანმა თქვა: „ტიგო თამაშს ანელებს, ეს კი „ლივერპულის” სტილს არ ერგება. ადრე, „წითლებს” მებრძოლი ნახევარმცველები ჰყავდათ. ისინი ესპანელივით ტექნიკურები არ იყვნენ, მაგრამ მანეს და სალაჰს პასს უფრო მალე აწვდიდდნენ.

თუკი ბურთს ფრთაზე მალე იხელთებ, ეს ორი ბიჭი კი ამასობაში მეტოქის კარისკენ გაიქცევა, მათი შეჩერება ძალიან ძნელია.

ხალხი ტიაგოს ჩამოსვლით ჯერ კიდევ მაშინ იყო აღფრთოვანებული, როდესაც მას „ლივერპულში” ნათამაშევიც კი არ ჰქონდა. ალკანტარა მოედანზე „ჩელსისთან” შეხვედრაში გამოჩნდა და მეორე ტაიმში, როდესაც მეტოქე 10 კაცით დარჩა, ყველაზე მეტი პასი გადააწოდა.

„ნიუკასლთან” კი ის 25 წუთით ჩაერთო თამაშში. „კაჭკაჭები” უკვე ქანცგაწყვეტილები იყვნენ და აქ, ყველა აღფრთოვანდა. იძახდნენ, ეს რა ძლიერი ფეხბურთელიაო.

მოკლედ, მე ასე ვფიქრობ: ტიაგო ალკანტარა კარგი, ტექნიკური მოთამაშეა, მაგრამ „ბაიერნში” ისე გაატარა 7 წელიწადი, რომ ერთხელაც არ უთქვამთ გუნდში საუკეთესოაო. ასე რომ, მასზე აღფრთოვანებით ლაპარაკისას მე უფრო თავშეკავებული ვიქნებოდი.

მთავარი კი ის არის, რომ ტიაგო ალკანტარა სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობს. მას ბურთის ფლობა უყვარს. არადა, „ლივერპული” მაშინ არის ძლიერი, როდესაც ბურთს არ ფლობს. პირიქით, მოიპოვებს თუ არა მას, დაუყოვნებლივ მეტოქის კარისკენ მიიწევს. ახლა, როდესაც ტიაგო გამოჯანმრთელდა და მოედანზე უფრო ხშირად გამოჩნდება, დავინახავთ, შეცვლის მერსისაიდელთა თამაშის დინამიკას თუ არა”.