ინიაკი ვილიამსის ბრწყინვალე გოლი და ლეო მესის გაძევება — აი, ორი გამორჩეული ჰაილაითი ესპანეთის სუპერთასის ფინალიდან, რომელიც „ბილბაომ” „ბარსელონას” მოუგო (3:2).

ანტუან გრიზმანმა კატალონიური კლუბი ორჯერ გაიყვანა წინ. ამის გამო გულშემატკივარს შეიძლება ეფიქრა, რომ „ბარსა” ჯილდოს მეთოთხმეტედ მოიპოვებდა, მაგრამ ბასკებმა გაათანაბრეს, დამატებით დროში კი გამარჯვების გოლიც შეგდეს.

გრიზმანის პირველი გოლი ოსკარ დე მარკოსმა გაქვითა, მეორე — ასიერ ვილიალიბრემ. ვილიალიბრემ 90-ე წუთზე გაიტანა. ხოლო, შემდეგ იყო დამატებითი დრო, რომელშიც ტელემაყურებელმა იხილა ის ორი ეპიზოდი, რომელთაც ზემოთ ჰაილაითებს შორის გამორჩეული ვუწოდეთ.

კატალონიური პრესა ჟორდი ალბაზე ამახვილებს ყურადღებას. ალბამ, ძირითად დროში გატანილ ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა. „ბარსელონას” სასარგებლოდ, გრიზმანს საგოლე პასებს აწვდიდა, „ბილბაოს” სასარგებლოდ და მისდა სამწუხაროდ კი ორჯერ შეცდა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ანგარიში იყო 1:1 „ბილბაომ” გოლი გაიტანა, მაგრამ VAR-მა არ ჩათვალა.

დამატებით დროში, ვილიამსმა ლამაზი და რაც მთავარია გამარჯვების გოლი გაიატანა. ამ გოლს ქვემოთ, ვიდეოზე ნახავთ. „ბარსელონამ” კი თავი ვერაფრით გამოიჩინა.

და ვერაფრით გამოიჩინა თავი მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ლეო მესიმაც, რომელმაც ბოლოს ვილიალიბრეს ჩაარტყა. არგენტინელს, სავარაუდოდ, ოთხ მატჩს გამოატოვებინებენ.

მატჩის შემდეგ „ბლაუგრანას” მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თქვა: „ჯობს მსაჯობაზე არაფერი მკითხოთ, რადგან ადრე ნათქვამს გავიმეორებ, გამეორება კი არ მიყვარს. მესმის, რაც გააკეთა მესიმ. ვინ მოთვლის, რამდენჯერ სცადა დრიბლინგის წამოწყება, მაგრამ წესების დარღვევით გააჩერეს. კონკრეტული ეპიზოდი კი განმეორებით უნდა ვნახო, ისე ვერაფერს გეტყვით”.

დიდი შანსია, რომ მესის „ჩამქრალი” თამაში მისი მოუშუშებელი ტრავმით იყო განპირობებული. თამაშის წინ ბევრს მსჯელობდნენ, იყო თუ არა გამართლებული მისი მონაწილეობა „ბილბაოსთან” შეხვედრაში. კუმანმა ასე განმარტა:

„ის ბევრი წელიწადია მოედანზეა და კარგად იცის, როდის შეუძლია თამაში და როდის არა. დღეს მან თქვა, რომ ითამაშებდა. აი, სულ ეს გახლავთ მთელი ისტორია”.

ბასკთა გამარჯვების გოლის ავტორმა ინიაკი ვილიამსმა კი თქვა: „იმიტომ გავიმარჯვეთ, რომ საკუთარი თავის გვწამდა. აქ, ყველაფერი გულსა და რწმენაზე იყო დამოკიდებული. ჩვენ არ უნდა დავნებებულიყავით. მარცხთან ვერ შეგუება! — აი, ეს არის „ბილბაოს” მთავარი თვისება. ჩვენ, ღირსეულად გავიმარჯვეთ”.