ნიცაში ანრი დელანის სახელობის 47-ე საეთაშორისო გრან-პრიზე ქართველებმა შთამბეჭდავად იჭიდავეს და თითქმის ყველა წონაში მედალი მოიპოვეს. ქართველი მოჭიდავეები წელიწადი არ იყვნენ ხალიჩაზე გასული და ეტყობა მედლების მონატრებამ თავისი ჰქნა – 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო – ასეთია ჩვენების ფრანგული მონაგარი.
ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის გრან პრიზე ბექა ლომთაძემ (61 კგ.), ზურა იაკობიშვილმა (70), ნიკა კენჭაძემ (79) და გენო პეტრიაშვილმა (125) მოიპოვეს.
ცალკე უნდა აღინიშნოს კენჭაძის შესანიშნავი ჭიდაობა. ჩვენებურმა მთელი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, ფინალში კი მასპინძელი სოფედ ალეკმა 1 წუთზე ნაკლებ დროში დაამარცხა – 11:0.
სუფთად მოიგო ზურაბ იაკობიშვილმა, ვინაც ფინალში მოლდაველი მიჰაილ სავა 10:0 დაამარცხა.
იოლად მოიგო გენო პეტრიაშვილმაც (125 კგ.) – ქართველმა მძიმეწონოსანმა პოლონელ რობერტ ბარანს 7:2 მოუგო.
კიდევ უფრო იოლად ირგუნა ოქრო ლომთაძემ, რომელმაც ბელგიელი აიუბ მუსაევი დაჯაბმა – 8-1.
ფინალამდე მაგრად იდგა დავით ტლაშაძე (70). ქართველი სპორტსმენი გადამწყვეტ მატჩში არ გამოცხადდა. მიზეზი ტრავმაა, რომელიც ნახევარფინალში მიიღო და მძიმე ტკივილის მიუხედავად 21 წამი ხალიჩაზე გაძლო, რათა მედალი მაინც აეღო.
გივი მაჭარაშვილი (97კგ.) ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ სნაიდერს 3:1 უგებდა, მაგრამ 3:14 დათმო და ვერცხლს დასჯერდა.
ოქროს ველოდით ლადო ხინჩეგაშვილისგან, მაგრამ მხოლოს ბრინჯაო ირგუნა. ამავე ხარისხის მედლები მოიპოვეს ბექა ბუჯიაშვილმა (57) და ირაკლი მწითურმა (92).
მარსაგიშვილი აღმოჩნდა 10 მოჭიდავიდან ერთადერთი, რომელიც ნიციდან შინ უმედლოდ დაბრუნდება.
ჯამში, როგორც ვთქვით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალია. საერთო გუნდურ ჩათვლაში გიორგი იანტბელიძის გუნდმა პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე აშშ, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი გავიდა.
დღეს ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, მაგრამ მათგან მედლებს ნაკლებად ველით.