მარკუს რეშფორდი ამბობს, რომ ამ სეზონში, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის”, ყველაფერი, ჩემპიონობის გარდა, წარუმატებლობა იქნება.
„იუნაიტედი” კვირას „ლივერპულთან” სტუმრად თამაშობს და თუ მოიგებს, ჩემპიონს 6 ქულით გაასწრებს.
რეშფორდმა თქვა: „ჩემპიონობას თუ შევძლებთ, დიდებული იქნება, მეორე და მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ვერ ვიტყვით, რომ კარგი სეზონი ჩავატერთ. მეორე-მესამე ადგილზე გასვლა ის არ არის, რაც სეზონის წინ მიზნად დავისახეთ”.
„იუნაიტედი” „ლივერპულთან” შეხვედრას ყოჩაღად ხვდება — პრემიერლიგაში 11 ტურია არ წაუგია, თან ამ 11 თამაშიდან 9 მოიგო.
23 წლის რეშფორდი დასძენს: „ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება. ახლა კარგ ფორმაში ვართ, შესანიშნავი პერიოდი გვაქვს, ასე რომ, ერთადერთი, რაც მოგვეთხოვება, ყურადღების მოკრება და ამ შეხვედრაში მაქსიმუმის გაკეთებაა”.
„იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი (40 თამაში, 11 გოლი) „ენფილდზე” მიემართება, როგორც მრისხანე ტრიოს — რეშფორდი, ანტონი მარსიალი, ბრუნო ფერნანდეში — წევრი. მანჩესტერელთა ეს სამეული ინტერნაციონალურია: მარსიალი ფრანგი გახლავთ (ნაკრებში 25 თამაში; 1 გოლი), ფერნანდეში კი პორტუგალიელი (25; 2).
რეშფორდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში 15 გოლი გაიტანა, ამბობს:
„ეს, ჯერ კიდევ გზის დასაწყისია. ახლანდელ მოგებებს შეიძლება უდიდესი წარმატებები მოჰყვეს. კარგია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავდასხმის ხაზი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენ შეგვიძლია ვცვალოთ პოზიციები, გავიტანოთ გოლები როგორც კომბინაციური თამაშით ასევე ინდივიდუალურად… ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ტიტულები გვსურს, მრავალფეროვნება უნდა შევინარჩუნოთ.
ჩემი აზრით, ამ ეტაპზე, პრემიერლიგაში, ნაირფეროვანი თამაშით ყველაზე მეტად ჩვენ გამოვირჩევით. ეს განსაკუთრებით შეტევის ხაზზე ითქმის.
და ვიმეორებ, აშკარაა, რომ ეს ჯერ კიდევ რაღაცის დასაწყისია. ახლა მთავარია, პროგრესი შევინარჩუნოთ”.