ესპანეთის სუპერთასის ფინალი არ იქნება „ელ კლასიკო”. მართალია, თავისი წილი ნახევარფინალი „ბარსელონამ” „რეალ სოსიედადს” პენალტებით მოუგო (ძირითადი დრო 1:1), მაგრამ მეორე დღეს, „რეალმა” ბასკეთის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, „ბილბაოსთან” (1:2) წააგო და „ბარსა” vs „რეალის” მოყვარულებს მოლოდინი გაუწბილა.

ბილბაოელთაგან, ორივე გოლი მადრიდის „ატლეტიკოს” ყოფილმა მოთამაშემ რაულ გარსიამ გაიტანა.

„მატჩს იმთავითვე ძალიან სერიოზულად მივუდექი. მინდოდა, „ბილბაოს” მიეღწია იმისთვის, რასაც იმსახურებს. ახლა გვჯერა, რომ თასის მოგებასაც შევძლებთ. მეტოქე ვინც არის კარგად ვიცით, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მთავარია, რისთვისაც ვიბრძვით. მე ამ ბიჭების ყოველთვის მწამდა”, — თქვა ნავარელმა კომენტარში, რომელიც კლუბის საიტს მისცა.

პირველი გოლი მან შეხვედრის დასაწყისში გაიტანა, ტაიმის ბოლოსკენ კი პენალტით შეაგდო. კატალონიური „სპორტის” აზრით, ეს პენალტი ლუკას ვასკესის სულელური თამაშის შედეგი იყო.

შესვენების შემდეგ, მადრიდელებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს და ბილბაოელებს მართლაც შეუქმნეს პრობლემები. ქარიმ ბენზემამ 73-ე წუთზე გოლი გაიტანა, რომელიც VAR-ზე ატრიალეს, ოფსაიდი ხომ არ იყოო, მაგრამ წესების დარღვევა ვერ იპოვეს. შემდეგ, მარკო ასენსიომ ძელს გაარტყა ბურთი.

ბენზემამ მეორეც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს. ამჯერად იყო ოფსაიდი. ტიბო კურტუამ ვილიალიბრეს დარტყმული მოიგერია — მესამე გოლის გაშვებისგან იხსნა „რეალი”.

ბოლოს, სერხიო რამოსმა დაკრა თავისი ცნობილი თავური, მაგრამ მიზანს ააცილა.

ზემოხსენებული გამოცემა „სპორტი” წერს, რომ მართალია, ფინალში „ელ კლასიკო” არ შედგება, მაგრამ „ბარსელონას” რთული ბრძოლა ელის. სწორედ „ბარსა” იყო პირველი გუნდი, რომელიც ბასკებს ერთი კვირის წინ ეთამაშა მათ სტადიონზე და 3:2 მოუგო. ეს იყო „ბილბაოს” მწვრთნელის მარსელინიო გარსია ტორალის პირველი მატჩი ახალ სამსახურში.

მადრიდულმა სპორტულმა გაზეთმა „მარკამ” კი თქვა, რომ შეხვედრის ბოლოს იყო ეპიზოდი, რომელიც ხეირიანად ტელევიზიითაც არ გაიმეორეს, არადა „ბილბაოს” ცენტრალურმა მცველმა უნაი ნუნიესმა მარკო ასენსიოსთან ორთაბრძოლის დროს საჯარიმოში ხელით ითამაშა. შემდეგ, ეპიზოდში რამოსი ჩაერია და პენალტის მოპოვება სცადა, რის გამოც VAR-მა ჩანაწერი სწორედ რამოსის ჩარევიდან დაატრიალა, არადა მსაჯს მანამდე უნდა დაესტვინაო.

„დიახ, ბურთი მას ხელში მოხვდა,” — მოკლედ თქვა მარკო ასენსიომ თამაშის შემდეგ, როდესაც ეს ეპიზოდი გაახსენეს.

ესპანეთის სუპერთასის ფინალი 18 იანვარს სევილიაში გაიმართება.