Former Olympic gold medallist David Khakhaleishvili has died aged 491992 წლის ივლისის ბოლო. ბარსელონის ოლიმპიადა. ძიუდოს ტურნირი მძიმე წონაში. შუაღამემდე ტყუილად ვუზივართ ტელევიზორს – იქ მხოლოდ ცინცინატის ტურნირის შედეგებს აცხადებენ. დილით კი საგაზეთო ჯიხურში გაზეთ „ქუთაისის“ შეძენისას ვამჩნევთ, როგორ ლაპლაპებს ცარცის სამკეცი პროსპექტი, რომელიც სახელდახელოდ, უკვე დილითაა დაბეჭდილი.

არის!!! დამოუკიდებელ საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს – 21 წლის დავით ხახალეიშვილი. ნუთუ აწეწილ ქვეყანაში, რომელსაც ხეირიანად არც აღიარებენ, ასეთი ფერადი ამბებიც ხდება? თურმე ხდება. ქართველი ფალავანი 1987 წლიდან წაუგებელ იაპონელ მეტოქეს ნაოია ოგავას წუთსა და 4 წამში ამარცხებს! ჩემპიონი ჩვენი თანაქალაქელია, მაგრამ ის აუწერელი სიხარული საერთოა.

მერე კი გეხსომებათ, რაც ხდება. ორ კვირაში ომი იწყება, შიმშილი, სიბნელე, სიცივე, მარცხი და ცრემლები. ცოტას სცალია სპორტისთვის, უფრო ცოტას სპორტსმენისთვის – მათ შორისაა ბევრის მოამაგე როსტომ ხახალეიშვილი. უყურადღებობამ დათოს გული რომ არ აუცრუოს, დაფინანსების წყაროს თავად პოულობს, შვილს კი არწმუნებს ქალაქმა გამოგიყოო. გვერდით ჰყავს განუყრელი მწვრთნელი ომარ მერაბიშვილიც.

ერთი ხანობა, ოლიმპიური ჩემპიონი დამოუკიდებლად, გუნდისგან განცალკევებით ემზადება. ავტოქარხნის დასახლებაში, ბეტონის ქარხნის გაყინული კლუბის სცენის მტვერს ყლაპავს. ხვდება, ასეთი მომზადება შედეგსაც შესაფერს რომ მოიტანს და როცა სათქმელი უგროვდება, ყაბულსაა მაშინდელ დროში ტაბუდადებულ თემებზე ხმამაღლა ილაპარაკოს.

ინტერვიუ ოლიმპიურ ჩემპიონთან, რამდენი ჟურნალისტის აუხდენელი ოცნება ჩემგან ერთი ხელის გაწვდენაზეა. საგანგებოდ ვემზადები, თითქოსდა ყოველმხრივ მზად ვარ, მაგრამ იმაზე ბევრად სწრაფად მაიპონებს, ვიდრე მასთან შეხვედრამდე ბეჭდაუდებელ ოგავას. საუბრის დასაწყისშივე მეუბნება სიცილით, ტყუილად გაირჯები, რაც მე უნდა ვთქვა ახლა, მაგას მაინც არ დაგიბეჭდავენო.

Index of /files/images/chempionebi/xaxaleishviliვცდილობ, არ შემეტყოს, რომ ვუკადრისობ – „სარბიელთან“ უკვე შეთანხმებული მაქვს, პოზიცია შეულამაზებელი დარჩებაო და „სარბიელი“ ფუჭ დაპირებას როდის იძლევა?! მაგრამ, უშუქობის, უქაღალდობის, თუ კიდევ სხვა რამ, იმ დროს გასაგები მიზეზით, გაზეთი ერთ ხანს ვერ გამოდის. ამასობაში კი ის თავყრილობა და შეჯიბრიც ტარდება, რასაც ოლიმპიური ჩემპიონის მართალმა სიტყვამ უნდა დაასწროს.

პოსტფაქტუმ მჯიღის გულზე ცემა აღარავის სჭირდება. ურთიერთობაც თბება და ვინ იცის, უხარია, ის ინტერვიუ დღის სინათლეს რომ ვერასდროს იხილავს. იქნებ, ივიწყებს კიდეც. მე ვერ ვივიწყებ – ტყუილი გამომივიდა. ცხადია, მაშინაც მახსენებს თავს, როცა მეხად გვატყდება სიახლე იმის თაობაზე, ტიტულის დაკარგვას და უმედლოდ დარჩენას ვინ ჩივის, ოლიმპიური ჩემპიონი, საყოველთაო დაუდევრობით, აუწონავი რომ გვრჩება.

მერეც ბევრჯერ გამახსენდება. და ყოველ ჯერზე ვნანობ – ვინ იცის, მისი ნათქვამი ადრესატამდე დროულად რომ მისულიყო, იქნებ აღარც ყოფილიყო ატლანტის საბედისწერო ისტორია. მაშინ ხომ მისი სპორტული ცხოვრებაც სხვაგვარი იქნებოდა. მაგრამ მოსახდენი ყოველთვის ხდება-ხოლმე, ისე, როგორც მარკესის ცნობილ მოთხრობაში.