პამპლონაში…

2020-21 წლების სეზონში „რეალი” ძლიერ მეტოქეებთან ყოჩაღობს, მაგრამ ეგრეთწოდებულ პატარა გუნდებთან ხშირად ფეხი უცდება. ასე მოხდა ლა ლიგის ბოლო ტურშიც, „ოსასუნასთან”. შეხვედრა დამთავრდა 0:0.

მადრიდელებმა პამპლონაში ორი ქულა დაკარგეს და ახლა, იმ მეტოქეებთან დაკარგული ქულების რაოდენობა, რომლებთანაც უნდა მოეგოთ, უკვე ათს უდრის.

„თეთრებს” ფეხი პირველად მეექვსე ტურში შინ, „კადისთან” დაუცდათ (0:1) და რამდენიმე დღეში, ჩემპიონთა ლიგაში, „შახტართანაც” დამარცხდნენ (2:3). მაშინ, ესპანურმა პრესამ, ამას მინი-კრიზისი უწოდა.

ლა ლიგის მე-11 ტურში „რეალმა” კვლავ შინ წააგო, „ალავესთან” — 1:2. ეს გახლდათ შეხვედრა, რომელშიც მასპინძლები 0:2-ს აგებდნენ და მხოლოდ 86-ე წუთზე შეაგდეს ერთი საპასუხო გოლი.

და დამთხვევა არ გინდა? ამ წაბორძიკებას რამდენიმე დღეში ისევ „შახტართან” მარცხი (0:2) მოჰყვა…

უკრაინელებთან მეორე წაგების შემდეგ, „ლოს ბლანკოსმა” თავი ხელში აიყვანა და ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო, თუმცა მე-16 ტურში, ელჩეში, მორიგი 2 ქულა დაკარგა — 1:1.

და აი, ბოლო წარუმატებლობა დამზრალ პამპლონაში — 0:0.

დღეს, 18 ტურის შემდეგ, „რეალს” 37 ქულა აქვს და ლიდერ „ატლეტიკოს” ერთი ქულით ჩამორჩება, მაგრამ… „მატრასების მკერავებს” (Los Colchoneros – „ატლეტიკოს” ერთ-ერთი მეტსახელია) 3 მარაგში სამი გადადებული თამაში აქვთ.