არასტაბილური სეზონის შემდეგ, „დორტმუნდის” 25 წლის მცველი მანუელ აკანჯი ფეხზე უფრო მყარად დადგა; „ვოლფსბურგს” გოლიც კი გაუტანა.

„შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში, შვეიცარიელ ფეხბურთელს, დორტმუნდელთა ყოფილი და ახალი მწვრთნელების ლუსიენ ფავრისა და ედინ ტერზიჩს შედარება სთხოვეს.

„დორტმუნდმა” გუშინ „ლაიპციგს” სტუმრად 3:1 მოუგო.„შავ-ყვითლებს” უახლოეს მომავალში „ლევერკუზენთან” და „გლადბახთანაც” უწევთ თამაში. თუმცა, ამ ორომტრიალში აკანჯისთვის ამოცანა დღესავით ნათელია.

„ახლა, ყველას პირადად უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ „დორტმუნდი” ვართ,” — ამბობს ის და ფიქრობს, რომ ტერზიჩის ხელში გუნდი სწორ კალაპოტს დაუბრუნდა. დიდწილად ეს იმითაცაა განპირობებული, რომ  ახალი ცოცხი ყოველთვის კარგად გვის.

იანვრის შუაში, „დორტმუნდმა” ორწელიწადნახევრიანი თანამშრომლობის შემდეგ სამსახურიდან გაუშვა ლუსიენ ფავრი. აკანჯი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში დაგროვებული პრობლემების მიუხედავად, მისმა თანამემამულემ დიდი სამუშაო შეასრულა.

„მისი ხელმძღვანელობით ჩვენ ორჯერ გავედით მეორე ადგილზე. პირადად მე ლუსიენმა დიდი დახმარება გამიწია და ბევრიც მათამაშა, რისთვისაც ყოველთვის მისი მადლობელი დავრჩები. ფაქტია, კლუბის შეფებმა ფავრის გაშვება ძნელად გადაწყვიტეს. ხოლო ის, რომ მას ადრე თუ გვიან ედინი შეცვლიდა, ჩემი აზრით დიდი ხანია ნათელი იყო.

ტერზიჩი ჩვენთან უკვე ორი წელიწადია რაც მუშაობს და კარგად იცის, ამ კლუბში რა და როგორ არის საჭირო. ის მწვრთნელის ასისტენტი იყო, ამდენად ფეხბურთელებთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ფეხბურთელი ხომ თავისი პრობლემით უფრო ასისტენტთან მივა, ვიდრე მწვრთნელთან.

გარდა ამისა, ტერზიჩი გულიანი ბიჭია, რომელსაც კარგი ტაქტიკური ცოდნა აქვს. ეს მას ძალიან ეხმარება და ამიტომაც, ჯერჯერობით საქმეს თავს კარგად ართმევს”.

რა არის ფავრსა და ტერზიჩს შორის ყველაზე დიდი განსხვავება?

„ტერზიჩს თამაშების წინ მეტოქის შესწავლაში ახლებური მიდგომა აქვს, თუმცა ამის შესახებ დაწვრილებით არ ვილაპარაკებ, რადგან მოულოდნელობის ეფექტი შეიძლება მომავალში გამოგვადგეს. საერთოდ, ამ ორი მწვრთნელის შედარება არ მსურს”, — უპასუხა აკანჯიმ.

ფეხბურთელმა ინტერვიუში აგრეთვე თქვა, რომ წარუმატებლობები დიდწილად ტაქტიკური შეცდომების ბრალი იყო, მაგრამ ამის არგუმენტად მოტანა და თავის მართლება სწორად არ მიაჩნია.

„ყველას უნდა „დორტმუნდს” გოლი რომ გააუტანოს. ზუსტად იგვიე ხდება როდესაც გუნდები „ბაიერნს” ეთამაშებიან, მაგრამ ბავარიელებს უფრო მეტი მოწიწებით ეპყრობიან, რადგან ამ კლუბმა წლების განმავლობაში სტაბილურობის წყალობით დიდი ავტორიტეტი შეიძინა”.