34 წლის ექს-ბორჯღალოსანი გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონ „პერპინიანს“ შეუერთდა და იმედოვნებს, რომ ფრანგული კატალონიის ქალაქის გუნდთან ერთად ტოპ 14-ში დაბრუნებას შეძლებს. მით უფრო, რომ წლის ბოლომდე გაფორმებული კონტრაქტი პერპინიანელებმა ვეტერან ვარსკვლავს 2022 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივეს.
დავით (დუდუ) ქუბრიაშვილს საქართველოს ნაკრებში 50-მდე მატჩი აქვს ჩატარებული, ის მსოფლიო 2011 წლის თასის მონაწილეა, ხოლო სახელოვანი ბრიტანული კლუბის – „ბარბაროსების“ შემადგენლობაში სამჯერაა (!) მიწვეული, რაც უპრეცედენტო მიღწევაა ქართველ მორაგბეთათვის. გარდა ამისა, დუდუ არის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი და კიდევ ორჯერ რანგით მეორე – „ჩელენჯ კაპი“ მოუგია. ცხადია, საუბარია ფრანგულ კლუბებზე.
2007-2018 წლებში „ტულონის“, „სტად ფრანსეს“ და „მონპელიეს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ორი წლის წინ კონტრაქტი „გრენობლთან“ გააფორმა, რომელიც 2019-ში პრო დ2-ში დაქვეითდა და პრობლემებიც აქედან დაიწყო:
„გვქონდა შეთანხმება, რომ თუ გუნდი ტოპ 14-იდან გავარდებოდა, მე სხვაგან გადასვლის შესაძლებლობა მექნებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში უარი მითხრეს. „გრენობლთან“ კონტრაქტი მაკავშირებდა და ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე ვიცოდი, რომ გუნდს გამოვიცვლიდი, მაგრამ მერე ვირუსმა ყველაფერი გააჩერა და ახალი კლუბის მოძებნა გაჭირდა. პრობლემას ისიც ქმნიდა, რომ არ მაქვს JIFF-ის (ფრანგ მოთამაშესთან უფლებრივად გათანაბრების) სტატუსი და არც ახალგაზრდა ვარ“, – იხსენებს ქუბრიაშვილი, რომელიც ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას სულაც არ აპირებდა:
„ამ დროს მთელს მსოფლიოში იმდენი უბედურება ხდებოდა, ჩემს სამსახურზე წუწუნს ვერ დავიწყებდი, მაგრამ ასე დაუგეგმავად და ხელაღებით საყვარელ საქმეზე უარსაც ვერ ვიტყოდი. მე არ მქონდა ამოწურული ჩემი შესაძლებლობები, ასაკს უკან ვეღარ დავაბრუნებდი, თუმცა ვიმედოვნებდი, რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა შანსი. ექვსი თვის განმავლობაში შეუჩერებლივ ვვარჯიშობდი და ველოდებოდი შესაფერის შესაძლებლობას.
იყო რაღაც ვარიანტები, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, საყვარელი საქმე ისეთ გუნდთან ერთად მეკეთებინა, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. თამაში და მოგება ერთიდაიგივე არაა. გამარჯვებები მწყუროდა, რადგან როცა გუნდი სულ აგებს, იქ ვერც ატმოსფერო იქნება ჯანსაღი.
გამოჩნდა მდიდარი ისტორიის ტიტულოვანი და ამბიციური კლუბი. ჩემთვის არ ყოფილა პრიორიტეტი, რაღაც პერიოდი მეთამაშა და მერე ყველაფერი თავიდან დამეწყო. მინიმუმ 2-3 წელი კიდევ ვაპირებ უმაღლეს დონეზე თამაშს, ესაა ჩემი მიზანი და ვცდილობ მიზნის შესაბამის დონეზე ვიყო. ისეთი პაუზის შემდეგ, რომელიც კარიერაში მქონდა, მათ ალბათ ვერ გარისკეს ხანგრძლივ პერიოდზე გათვლის გაკეთება და კონტრაქტი წლის ბოლომდე შემომთავაზეს, მაგრამ რომ ნახეს, რა შემიძლია, ხელშეკრულება გამიხანგრძლივეს.
ტოპ 14-ში აღზევების ამბიციაც გვაქვს და შესაძლებლობაც, ეს იქნება მოვლენების საუკეთესო განვითარება, მაგრამ ჯერ რეგულარული ჩემპიონატის შუაში ვართ და ზეიმი ნაადრევია. გუნდში ერთსულოვნებაა, საერთო მიზნისთვის კვირიდან კვირამდე ყველა თავდაუზოგავად შრომობს, მაგრამ 2-3 კვირაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მით უმეტეს ზამთრის პერიოდში, როდესაც გუნდის კლასი არ განსაზღვრავს შედეგს. კი, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც შეუძლია ყველანაირ პრობლემებს გაუძლოს, მაგრამ არის ტრავმების გაზრდილი ალბათობა და პრო დ2-ში არაა იმის ფუფუნება, რომ კლუბმა ყველა პოზიციაზე შეძლოს მოთამაშის ჩანაცვლება. ჩვენ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად ვართ, მაგრამ გამართლებაც არ გვაწყენდა“.