ინგლისის ფეხბურთის ლიგამ ასოციაციის თასის მესამე ეტაპის წინ განაცხადა, რომ შეჯიბრების მონაწილე 66 კლუბში კორონავირუსის  112 შემთხვევა დადასტურდა. ლაპარაკია, ჩემპიონშიფის, პირველი და მეორე ლიგის გუნდებზე.

სულ შეამოწმეს 3507 ფეხბურთელი და კლუბის მუშაკი. გაირკვა, რომ covid 19 გავრცელებულია „ასტონ ვილაში”, „მიდლსბროსა” და „დერბიში”. ეს სამი გუნდი, სავარაუდოდ, საყმაწვილო შემადგენლობით ითამაშებს. „შრუსბერისა” და „საუთჰემპტონის” შეხვედრა კი გადაიდო. მიზეზი: „შრუსბერიში” ბევრი დაავადებულია.

თუ კიდევ ბევრი მატჩის გადადება გახდება საჭირო და თამაშების გრაფიკი აირევა ან გადაიტვირთება, მაშინ, არ არის გამორცხული, შეფებმა მარტივი გადაწყვეტილება მიიღონ და გუნდები, რომელთა გამოც გადაიდება მატჩები, შეჯიბრებას გამოთიშონ.

ცხადია, ფეხბურთის ლიგას ტესტირება არ ჩაუტარებია პრემიერლიგის კლუბებში, სადაც 1-3 იანვარს 984-მა ანალიზმა 12 ახალი დაავადებული გამოავლინა.

მოგეხსენებათ, დიდ ბრიტანეთში მოდებულია კორონავირუსის ახალი ნაირსახეობა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე ძველთან შედარებით იოლად გადადის.