Olympic Medalists - Georgian National Olympic Committeeგვაპატიოს ქალბატონმა ლეილამ ორიოდ დღით დაგვიანება, მაგრამ დაბადების დღე აუცილებლად მისალოცია.

ლეილა მესხი ცალკე ფურცელია ქართული სპორტის ისტორიაში. მხოლოდ იმაში არ გაუმართლა, რომ მისი კარიერის პიკზე საქართველო უყველაფრობამ შთანთქა და ჩოგბურთისთვის არავის ეცალა.

ბუნებრივია, მის რეგალიებსაც შეგახსენებთ, მაგრამ მანამდე ორიოდე კადრი ამოტივტივდა: საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში კაფანდარა ქართველი გოგონა (164 სმ. 54 კგ.) არგენტინელ სუპერვარსკვლავ გაბრიელა საბატინის თანაბრად ეომება. ყველაზე კრიტიკული მომენტია და ლეილამ იცით, რა გააკეთა? უხერხული მოძრაობის შემდეგ პირველ რიგში კაბა გაისწორა. ნამატჩევს ყველამ აღიარა, რომ მსაჯებმა რამდენჯერმე საბატინის სასარგებლოდ შესცოდეს და ლელას ნახევარფინალი წაართვეს.

ორგანიზატორებმა ბოდიში იმითღა მოიხადეს, რომ სპეციალურად დაწესებული „ყველაზე ქალურის“ პრიზი გადასცეს.

კადრი მეორე: ლეილა დიდ ჩოგბურთს ემშვიდობება და ტრიბუნების ოვაციის ფონზე შტეფი გრაფის უთბილეს გზავნილს კითხულობენ…

დანარჩენი? სსრკ-ის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონი, მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებული ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი წყვილთა თანრიგში, WTA-ს 5 ტიტულის მფლობელი ერთეულებში და ამდენივესი წყვილებში.

კარიერის პიკზე ლეილას მსიფლიო რეიტინგში მე-12 ადგილი ეკავა. არ მივულოცოთ?

ქალბატონო ლეილა, ბედნიერი შობა და ახალი წელი გვისურვებია! ჩვენთვის ისევ გაბრიელა საბატინისთან მეომარი პატარა ქართველი გოგონა ხართ.