ზინედინ ზიდანი თვითიზოლაციაშია. მას კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც COVID-19 სჭირს.
„რეალის” თავკაცმა ხუთშაბათს, ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიში ვერ ჩაატარა. მას ორნაირი ტესტირება გაუკეთეს — PCR და ანტიგენებზე; ანუ დაავადება ხომ არ სჭირს ან უსიმპტომოდ ხომ არ აქვს გადატანილი. ორივე ტესტის პასუხი უარყოფითი გამოდგა, ამიტომ, ფრანგი შინ დარჩა.
ამიერიდან ზიდანს ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ლა ლიგის პროტოკოლის მკაცრი დაცვა მოუწევს. სავარაუდოდ, ის გუნდიდან ორი კვირით იქნება გარიყული, თუმცა, თვითიზოლაციის მეორე ნახევარში კიდევ ერთ PCR ტესტს ჩაუტარებენ და თუ პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, შესაძლოა 10 დღეშიც კი მისცენ „რეალში” დაბრუნების უფლება.
ასეა თუ ისე, „თეთრები” ლა ლიგის შეხვედრაში „ოსასუნასა” და ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბილბაოს” წინააღმდეგ მწვრთნელის გარეშე იქნებიან. მაგრამ, თუ მადრიდელები ბასკებს მოუგებენ, ხოლო ზიდანის ტესტი აჩვენებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას კორონავირუსი არ სჭირს, მაშინ ის ფინალში გაუძღვება გუნდს.
ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბასკეთის კიდევ ერთი გუნდი „რეალ სოსიედადი” და „ბარსელონა” ხვდებიან.