ინგლისში იხუმრეს, ის დროა, „ტოტენჰემში” ვინმემ გაიხსენოს თავგადახსნილი ავტობუსი სად დააყენეს, მტვერი გადაწმინდონ და შეამოწმონ, დადის თუ არაო.

„დეზებს” 13 წელიწადია არაფერი მოუგიათ და აი, ახლა, „კარაბაოს” ანუ ლიგის თასამდე ერთი ნაბიჯღა აკლიათ. მუსა სისოკოსა და სონის გოლებით მათ „ბრენტფორდს” რთულ ბრძოლაში 2:0 მოუგეს და ფინალში გავიდნენ.

„ბრენტფორდი” ჩემპიონშიფის გუნდია, რომელიც მნიშვნელოვანი თასის ნახევარფინალს ისტორიაში პირველად თამაშობდა. და მან, პრემიერლიგის ვარსკვლავებს ძლიერი სალტეები შემოუჭირა. მეტიც, როდესაც ანგარიში იყო 1:0, „ბრენტფორდის” თავდამსხმელმა აივან ტონიმ გოლიც გაიტანა, მაგრამ ის VAR-მა არ ჩათვალა. მიზეზი: თამაშგარე მდგომარეობა.

VAR-მა კიდევ ერთ ეპიზოდში ითამაშა საბედისწერო როლი — 84-ე წუთზე, არბიტრი მაიკ დინი, მოედნის კიდესთან მდგომ მონიტორთან მივიდა და დარწმუნდა, რომ სტუმართა ნახევარმცველმა ჯოშ დასილვამ პიერ-ემილ ჰოიბერგის წინააღმდეგ იუხეშა. შედეგად, ჰოიბერგმა მოედანი დატოვა. ამ მომენტისთვის ანგარიში უკვე 2:0 იყო „ტოტენჰემის” სასარგებლოდ.

თუმცა, ჟოზე მოურინიუს გუნდი დიდად არ შეუწუხებია იმ ამბავს, რომ დაბალლიგელთან VAR-ის ჩარევამ მისთვის სასიკეთო როლი ითამაშა, რადგან ის ფინალში გავიდა და ახლა, 25 აპრილს, „უემბლიზე”, მანჩესტერის რომელიმე გუნდს შეხვდება: დღეს, მეორე ნახევარფინალში „იუნაიტედი” და „სიტი” ხვდებიან ერთმანეთს.

„ტოტენჰემმა” ბოლო ტროფი 2008 წელს მოიგო. ეს გახლდათ იგივე ლიგის თასი, ოღონდ სხვა სპონსორის გამო, მაშინ „კარაბაოსი” კი არა, „ქარლინგისა” ერქვა.

ინგლისური პრესა ენამწარეობს, ლიგის თასი დიდი კლუბებისთვის რასაკვირველია, ყველაზე ფასეული ჯილდო არ არის, მაგრამ როდესაც 37 წელიწადში სულ სამი შეჯიბრება გაქვს მოგებული, შეიძლება საფეხბურთო ტროფიდ კი არა, ოსკარად მოგეჩვენოსო.

აი, „სფურზის” თავკაც ჟოზე მოურინიუს კი ლიგის თასთან სხვა ურთიერთობა აქვს — ის ამ ჯილდოს მეხუთედ(!) უპირებს მოგებას.

როკ-ვარსკვლავ ლაიამ გალაჰერს კი არ გაუმართლა. ის „მანჩესტერ სიტის” გულანთებული ფანია და გუშინ „ტვიტერზე” დაწერა: მიდი, „ბრენტფორდ”!

„ბრენტფორდმა” ვერ გაიმარჯვა. ახლა ის დროა, „მიდი, სიტი!” დატვიტოს.