დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს ახალი, გამკაცრებული რეგულაციების გამოცხადება ხეირიანად დაწყებულიც არ ჰქონდა, რომ „საუთჰემპტონისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა დენი ინგსმა თავისი ყოფილი გუნდის, „ლივერპულის” დაცვას აჯობა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა — 1:0.
პრემიერი ბრიტანელების წინაშე ზუსტად საღამოს 8 საათზე გამოვიდა, როდესაც „საუთჰემპტონისა” და „ლივერპულის” შეხვედრა დაიწყო. ჯონსონმა ხალხს უთხრა, რომ ამიერიდან ლოქდაუნი ყველას ერთნაირად ეხება, ქვეყანა მეტად და ნაკლებად შეღავათიან ზონებად აღარ არის დაყოფილი, მაგრამ ეს უსიამოვნო ცნობა „წმინდანების” ავსტრიელ მწვრთნელს რალფ ჰაზენჰიუტლს ჩირადაც არ უღირდა. როდესაც მსაჯმა საფინალო ჩასტვინა, ის მუხლებზე დაეცა და აქვითინდა, რასაც ქვემოთ ვიდეოზე ნახავთ.
ინგსმა კი პრემიერლიგაში თავისი 50-ე გოლი გაიტანა. გოლის გატანის დროც ზუსტად აღრიცხეს — 1 წუთი და 51 წამი.
ამრიგად, „ლივერპულმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” ვერ ჩამოიტოვა. სადღეისოდ, ორივეს 33 ქულა აქვს, ოღონდ მერსისაიდელებს 17 თამაშიდან, ხოლო მანკუნიანელებს 16-დან.
ინგსის გოლმა და ინგლისის ჩემპიონის მარცხმა კიდევ უფრო გააძლიერა მოსაზრება, რომ იურგენ კლოპს იანვარში ცენტრალური მცველის დამატება დასჭირდება. არადა, გერმანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ სატრანსფერო ბაზარზე გასვლას არ აპირებს და ჯო გომესისა და ვირჯილ ვან დაიკის გამოჯანმრთელებამდე ახალგაზრდებს, რის უილიამსსა და ნეტ ფილიპსს დაეყრდნობა. თუმცა, „საუთჰემპტონთან” მატჩში კლოპმა არც უილიამსი ათამაშა და არც ფილიპსი. დაცვის ცენტრში ფაბინიოს კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი შეუწყვილდა, ის კი ნახევარმცველია.
რაც შეეხებათ „წმინდანებს”, მათ პირველ ტაიმში მოპოვებული მოულოდნელი უპირატესობით ისარგებლეს და კიდევ შექმნეს საგოლე მომენტები, შესვენების შემდეგ კი დაცვაში ჩაიკეტნენ.