„იუვენტუსმა” „უდინეზეს” 4:1 მოუგო, კრიშტიანუ რონალდუმ ოთხიდან ორი გაიტანა და გადაასწრო პელეს, რომელსაც 1956-77 წლებში, „სანტოსში”, ნიუ იორკის „კოსმოსსა” და ბრაზილიის ნაკრებში 757 გოლი აქვს გატანილი. ახლა, „იუვენტუსის” 35 წლის თავდამსხმელი ფეხბურთის ისტორიაში მეორე ბომბარდირია.

რონალდუმ უდინელთა კარში თავისი 757-ე და 758-ე გოლები შეყარა და ახლა ერთით ჩამორჩება ჩეხ-ავსტრიელ იოჟეფ ბიკანს (გერმანული წაკითხვით იოზეფ ბიცანს) რომელიც 1931-55 წლებში თამაშობდა „რაპიდში”, „ადმირაში”, „სლავიაში”, „ვიტკოვიცეში”, „ჰრადეც კრალოვეში”, პრაღის „დინამოში”, ავსტრიის (ლეგენდარული „ვუნდერტიმი”), ჩეხოსლოვაკიისა და ბოჰემია-მორავიის ნაკრებებში.

რონალდუს ახალი რეკორდის დამყარება უკვე შემდეგ კვირაში, „მილანსა” და „სასუოლოსთან” შეხვედრებში შეუძლია.

მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გოლების ნახევარზე მეტი „რეალის” მაისურით გაიტანა, დანარჩენები კი „სპორტინგის”, „მანჩესტერ იუნაიტედის”, „იუვენტუსის” და პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობებში თამაშის დროს არის მონაგარი.