„ბარსელონამ” ცუდად ითამაშა — შინ, „ეიბართან”, 1:1-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა. ამ შეხვედრას ლეო მესი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. და ვინაიდან, მეხოტბის შეფასებაზე საინტერესო ყოველთვის კრიტიკოსის აზრია, გთავაზობთ, მადრიდული „მარკას” წერილს, თუმცა, მანამდე ვთქვათ, რომ მე-8 წუთზე ბარსელონელმა თავდამსხმელმა მარტინ ბრაიტვაითმა პენალტი ვერ გაიტანა, შემდეგ იმავე ბრაიტვაითს ოფსაიდის გამო გოლი არ ჩაუთვალეს, რასაც მეორე ტაიმში მოჰყვა ეიბარელი გარსია კიკეს გოლი მასპინძლების კარში და 10 წუთის შემდეგ ოსმან დემბელეს პასუხი.

„მარკას” კი წერს:

„ბარსელონა კვლავ წაიქცა. „ვალიადოლიდთან” გამარჯვებით (წინა ტურში, სტუმრად – 3:0) განცდილი სიხარული, „ეიბართან” შინ ნათამაშევი გულსატკენი 1:1-ის შემდეგ, ახლა უკვე მხოლოდ მოგონებაა.

კატალონიელები კიდევ უფრო აღარ გვანან იმ გუნდს, რომელიც ამ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ამიერიდან, მათი პრიორიტეტი ოთხეულში მოხვედრა თუ იქნება.

„ბარსელონამ” ითამაშა 45 მოსაწყენი და 45 გაწბილების მომგვრელი წუთი. რონალდ კუმანი იმავე შემადგენლობას დაეყრდნო, რომლითაც „ვალიადოლიდს” მოუგო, მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა. ერთადერთი განსხვავება ის გახლდათ, რომ ლეო მესი ტრიბუნაზე იჯდა, მის პოზიციაზე კი ანტუან გრიზმანი თამაშობდა. და თუ „ბარსელონას” მესის კლუბში დატოვება უნდა, მაშინ ცდება, როდესაც მას ყოველ ტურში სულ მეტად და მეტად უძლიერებს შეუცვლელის სტატუსს. გამოდის, რომ მეათე ნომერს ჩემპიონობისთვის სურს ბრძოლა, უნდა, რომ თანაგუნდელები დაეხმარონ, ისინი კი ხელს უშლიან.

მესიმ ამასწინათ, ინტერვიუში თქვა, რომ „ბარსელონა” ცუდად თამაშობს, სინამდვილე კი ისაა, რომ გუნდი ცუდზე გაცილებით უარესად გამოდის.

„ბარსელონა” კვლავ გრიზმანის კარგი ფორმის მოლოდინშია. დრო გადის, შესაძლებლობა შესაძლებლობას ცვლის, ფრანგი კი ვერა და ვერ აკეთებს იმას, რისთვისაც იყიდეს. ამასწინდელი ინტერვიუს შემდეგ თითქოს შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ის კარგად ათამაშდა, მაგრამ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ დროებითი გამონათება იყო. გრიზმანს უკვე შვიდი მატჩია გოლი არ გაუტანია და არ ეტყობა, რომ მესის მხარდამხარ ან მის გარეშე კარგად თამაშს შეძლებს.

სამშაბათს, „ეიბართან” შეხვედრის 66-ე წუთზე კუმანმა გადაწყვიტა, რომ ამის ატანა საკმარისია და ფრანგი გამოცვალა.

აი, ოსმან დემბელე კი გულშემატკივარს ახარებს. და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ დაშავდა თუ გამოჯანმრთელდა ის. მას სწამს საკუთარი თავის, რითაც სხვები ვერ დაიკვეხნიან. დემბელეს ბრალი არ არის, რომ მასში ამხელა თანხაა (€105 მილიონი + €40 მილიონი დანამატები) გადახდილი.

საყვედურის თქმა არც მარტინ ბრაიტვაითისთვის შეიძლება. ის ბურთის მოსაპოვებლად იბრძვის, დარბის, უტევს, სხვებზე მეტს ინდომებს. ის თანაგუნდელებზე მეტად მოძრაობს და სულ გოლის ძიებაშია.

მართალია, დანიელმა „ეიბართან” პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ასეთი რამ ხდება.

ბრაიტვაითი „ბარსელონამ” ნაჩქარევად, 18 მილიონ ევროდ შეიძინა და გრიზმანისგან განსხვავებით 100 მილიონზე მეტად, „ატლეტიკოსგან” კი არა, თანაც მას მერე, რაც ერთი წლით ადრე თავად ფეხბურთელმა დოკუმენტური ფილიმი გადაიღო, თუ რატომ დარჩა მადრიდში.