დღეს „ევერტონისა” და „მანჩესტერ სიტის” თამაში არ ჩატარდება. მიზეზი: პეპ გვარდიოლას ნახევარი გუნდი covid 19-ით ჰყავს ავად.

როგორც გაირკვა, კაილი უოქერისა და გაბრიელ ჟესუსის დაავადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვირუსი სულ მცირე კიდევ სამ ფეხბურთელს და კლუბის ორ თანამშრომელს გადაედო.

„სიტის” შეფები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი მათ კლუბში ლონდონში გავრცელდა, სადაც გასულ კვირაში, „კარაბაოს თასზე”, „არსენალთან” სათამაშოდ იყვნენ ჩასულები. დღეს „ქალაქელებს” კვლავ აუღებენ ტესტებს და მათი შედეგების მიხედვით გადაწყვეტენ ჩატარდება თუ არა კვირას, 3 იანვარს, კიდევ ერთი თამაში: „ჩელსი” – „მანჩესტერ სიტი”.

„ფეხბურთელები ერთად ბევრ დროს ატარებენ. მართალია, კლუბი ყველა რეგულაციას მკაცრად იცავს, მაგრამ მოთამაშეებს დაავადება მაინც დაემართათ, ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რა იოლად ვრცელდება კორონავირუსი”, — თქვა „სიტის” წარმომადგენელმა.

„სიტის” ოფიციალურ განცხადებაში წერია: „შობა დღეს დადგენილი ოთხი შემთხვევის გარდა ჩვენ ინფიცირების კიდევ რამდენიმე შემთხვევა აღმოვაჩინეთ. ეს ბადებს რისკს, რომ ვირუსი შესაძლოა მეტად გავრცელდეს ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს შორის, შემდგომ კი უკვე კლუბს მიღმაც”.

თავის მხრივ, პრემიერლიგამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით აჯობებს თუკი „ევერტონისა” და „მანჩესტერ სიტის” თამაში გადაიდება.