სანამ ბუნდესლიგაში თამაშები განახლდება, „შპორტ ბილდმა” ორიოდ სიტყვით „დორტმუნდის” ამბებს გადაავლო თვალი. სადღეისოდ, დორტმუნდელები მეხუთე ადგილზე არიან და 2 იანვარს მეოთხეზე მყოფ „ვოლფსბურგს” ეთამაშებიან.

„შპორტ ბილდი“ წერს, რომ „შავ-ყვითელთა” შეფებს ერთი მხრივ წარმატებული პროექტი აქვთ. ეს წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ მთელს ევროპაში შეგროვებული ნიჭიერი ყმაწვილები მათთან სახელს იმკვიდრებენ, კარგი ფეხბურთის თამაშს სწავლობენ და ხშირ შემთხვევაში კარგადაც იყიდებიან. თუმცა, მედალს მეორე მხარე აქვს: „დორტმუნდს” ტიტულები სჭირდება, ტიტულები კი არ ჩანს.

„დორტმუნდი” გერმანიის ჩემპიონი ბოლოს 2012 წელს გახდა…

ბუნდესლიგის ცხრილს 13 ტურის შემდეგ „ბაიერნი” ლიდერობს, რომელსაც „შვარცგელბენი” 8 ქულით ჩამორჩება.

„შპორტ ბილდი” ამბობს, რომ ეს კლასის… უფრო სწორედ კი უკლასობის ამბავია. ჟურნალის აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა გამოცდილი ფეხბურთელების დაბალი დონეა. სხვა სიტყვებით, ყმაწვილები ყმაწვილებად და ის გამოცდილი მოთამაშეები, რომლებიც „შავ-ყვითელთა” გუნდში წესით სამაგალითონი უნდა იყვნენ, „ბაიერნთან” კონკურენციისთვის სუსტები არიან.

„შპორტ ბილდი” წერს, რომ ამის დასამტკიცებლად, სამი კარგი მაგალითი არსებობს.

პირველია მათს ჰუმელსი, რომელიც „ბაიერნში” თამაშობდა. როგორ ფიქრობთ, ის მართლა ძლიერი რომ ყოფილიყო, მიუნხენელები კონკურენტს მიყიდდნენო, კითხულობს ჰამბურგული გამოცემა.

მეორეა ემრე ჩანი, რომელიც დორტმუნდელებმა „იუვენტუსის” სათადარიგოთა სკამიდან წამოიყვანეს, ხოლო მესამე, ბელგიელი აქსელ ვიტსელი, სადღაც ჩინეთში იყო გადაკარგული.

ბოლოს კი, ჟურნალი ასკვნის: თუ გამოცდილი ფეხბურთელები სათანადო სიმაღლეზე არ იქნებიან, მარტო ყმაწვილები ტიტულებს ვერ მოიგებენ.