„არსენალის” 25 წლის ისლანდიელმა მეკარემ ალექს რუნარსონმა „მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ „კარაბაოს თასის” მეოთხედფინალურ შეხვედრაში, უხეში შეცდომა დაუშვა. მიმდინარეობდა 54-ე წუთი და ანგარიში იყო 1:1, როდესაც მან რაღაცნაირად მოახერხა და რიად მაჰრეზის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი თავის კარში შეაგდო.
„სიტიმ” „მეთოფეებს” 4:1 მოუგო.
„არსენალს” საშინელი სეზონი აქვს. მიკელ არტეტას გუნდმა ეს შეხვედრაც ცუდად დაიწყო — მანჩესტერელმა გაბრიელ ჟესუსმა მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ ალექსანდრ ლაკაზეტმა 31-ზე გაქვითა და უნდა ითქვას, რომ ჩრდილოლონდონელები იშტაზეც მოვიდნენ. თუმცა, მასპინძლებმა განწყობა 54-ე წუთზე დაკარგეს.
არადა, მაჰრეზის დარტყმულში განსაკუთრებული არაფერი იყო. ისე ჩანდა, რომ ბურთი რუნარსონის იოლი ლუკმა გახდებოდა.
ამის შემდეგ „სიტი” გალაღდა და კიდევ ორი გოლი შეაგდო: 59-ე წუთზე ფილ ფოდენმა, ხოლო 73-ზე ემერიკ ლაპორტმა გამოიჩინეს თავი.
მიკელ არტეტამ პრეს-კონფერენციაზე თავისი მეკარე დაიცვა: „მას სათამაშო პრაქტიკა აკლია. ადაპტაციას ახლა გადის. ჩვენ ის უნდა გავამხნევოთ. უშეცდომო არავინაა”.
შემდეგ, არტეტას ჰკითხეს, ხომ არ აჯობებდა კარი ისევ გერმანელი ბერნდ ლენოსთვის მიენდო, რაზეც ესპანელმა მწვრთნელმა უპასუხა:
„ჯობდა, მაგრამ ბერნდმა ბევრი ითამაშა, დასვენება კი მასაც სჭირდება. გარდა ამისა, თამაშის შესაძლებლობა ყველა ფეხბურთელს უნდა მივცეთ. ალექსს ბევრჯერ გამოუჩენია თავი, ასეთი შეცდომები კი ფეხბურთში ხდება”.