ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ რონალდ კუმანის კომენტარმა გააღიზიანა. ლაპარაკია „ბარსელონას” თავკაცის სიტყვებზე, რომ „ეიბარისა” და „რეალის” შეხვედრაში მადრიდელთა კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში, „რეალი” 2:1-ს იგებდა, როდესაც „თეთრების” კაპიტან სერხიო რამოსს ბურთი საჯარიმო მოედანში ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი მონიტორზე გადაამოწმა და თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. საბოლოოდ, „რეალმა” „ეიბარს” 3:1 მოუგო.
კუმანმა თქვა: „მადრიდში ათი კაციდან ცხრა გეტყვით, რომ პენალტი იყო”.
ზიდანი: „კუმანის კომენტარმა გამაღიზიანა, რადგან მე პირადად მსაჯობის საკითხში არასდროს ვერევი. არბიტრი ფეხბურთის მატჩის შემადგენელი ნაწილია და ისევე ცდება, როგორც ფეხბურთელი. მე მსაჯების საქმეში არასდროს ვერევი, რადგან ის რთულია. ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი. წინ მნიშვნელოვანი თამაში გველის და მიჯობს იმაზე ვიფიქრო”.
დღეს „რეალი” „გრანადას” მასპინძლობს.
ერთი ხნის შემდეგ ზიდანს მაინც ჰკითხეს მსაჯობის შესახებ. აღნიშნეს, რომ „კამპ ნოუზე” გამართული „ელ კლასიკოს” შემდეგ („რეალმა” მოიგო 3:1) მადრიდელთა სასარგებლოდ ხუთი პენალტი დაინიშნა, „ბარსელონას” სასარგებლოდ კი სამი.
„დიახ, ყველაფერზე, რაც ჩვენს თამაშებში ხდება, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ეს სრულიად გასაგებია, საქმე ხომ „რეალს” ეხება, მაგრამ მგონი მაინც უკვე ზედმეტია. მე „გრანადასთან” თამაშზე ვფიქრობ”.
შემდეგ, ზიდანმა თქვა, რომ „გრანადას” წინააღმდეგ ლუკა მოდრიჩის თამაში სარისკოა, ედენ აზარი კი გამოჯანმრთელდა და არ არის გამორიცხული მოედანზე ვიხილოთ.
ევროპის სუპერლიგის შექმნაზე და ისკოსა და მარკო ასენსიოს პრობლემებზე ლაპარაკს კი ფრანგმა მწვრთნელმა თავი აარიდა.