გაიმართა ეროვნულ ლიგა 2-ში დასარჩენი ფლეი ოფის საპასუხო მატჩები. ფოთის ტექნიკურ ცენტრში „კოლხეთი 1913“-მა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:0 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 1:1), ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში თბილისელებმა 4:3 გაიმარჯვეს. ამრიგად, გოჩა ერაძის შეგირდებმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.
კოლხთათვის თერთმეტმეტრიანები ამ წყვილში დამღუპველი გამოდგა. პირველ მატჩში მათ ორი პენალტი გააცუდეს. ამჯერადაც ვერ ივარგეს. თუმცა ვიტელთა ჭაბუკ მეკარეს გურამ ჩიკაშუასაც ნუ დავუკარგავთ გარჯას. თამაშისას მან რამდენჯერმე გადაარჩინა თავისიანები, მატჩის შემდეგ კი ერთი პენალტი მოიგერია.
დრამატული გამოდგა შეხვედრა მარტვილის „მურთაზ ხურცილავაზე.“ პირველ მატჩში ნათამაშევი უგოლო ფრის შემდეგ, „მერანი“ – „გორი“ ფაქტობრივად, ყველაფერს თავიდან იწყებდნენ. დრამა კი ნახევარი საათის თავზე დაიწყო, როცა მსაჯმა სტუმართა მეკარე და კაპიტანი ერეკლე გულუაშვილი გააძევა.
მეორე ტაიმის დასაწყისისთვის მასპინძლები 2:0 იგებდნენ და თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ გორელთა მერვე ნომერმა, გიორგი ალიმბარაშვილმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა. ამ ეპიზოდში მერანელთა მეკარე-მცველებს უკეთ გარჯა მართებდათ.
მერე შიდაქართლეთათვის კიდევ ერთი უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა. იგივე ალიმბარაშვილი უხეშად ეთამაშა მარტვილელთა მცველს, მეორე ყვითელი მიიღო და მინდორი დატოვა.
წერტილი ლევან წოწონავამ დასვა, როცა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად დაარტყა – 3:1 და გია გიგატაძის „მერანიც“ ლიგა 2-ში დარჩა.
ასე რომ, ლიგა 3-დან მხოლოდ გამარჯვებული, საგარეჯოს „გარეჯი“ აღზევდა ზედა ლიგაში, მეორე-მესამეადგილოსნები „კოლხეთი“ და „გორი“ კი მომავალ სეზონში კიდევ ეცდებიან დაწინაურებას.
კოლხეთი 1913 – ვიტ ჯორჯია 1:0 (პენ. 3:4)
1:0 გვალია (68 პენ)
პირველი მატჩი – 0:1
მერანი – გორი 3:1
1:0 საღრიშვილი (40), 2:0 ფაცაცია (48), 2:1 ალიმბარაშვილი (73), 3:1 წოწონავა (85 პენ)
გაძევება: გულუაშვილი (31), ალიმბარაშვილი (77) – ორივე გორი
პირველი მატჩი – 0:0