რიგი ლენინის მავზოლეუმთან

აუ! ლეგენდარული დიეგო მარადონას სხეული შესაძლოა სამარიდან ამოიღონ და მავზოლეუმში თავის ჯილდოებთან ერთად დაასვენონ. ახლა ამბობენ, 60 წლის არგენტინელი ანდერძში თავისი სხეულის ბალზამირებას ითხოვდაო.

კერძოდ, დიეგოს თავისი ვექილისთვის მატიას მორლასთვის წერილობით მიუმართავს, რომ მოვკვდები ისეთივე პატივი მეცით, რუსებმა თავიანთ ბელადს, ვლადიმერ ლენინს რომ სცესო. მოგეხსენებათ, რუსეთის 1917 წლის 25 ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების წინამძღოლის გვამი 1924 წლის შემდეგ მოსკოვში, წითელ მოედანზე, მავზოლეუმშია გამოფენილი. საბჭოთა კავშირის წლებში, კომუნისტური იმპერიის მოსახლეობა მის სანახავად უგრძეს რიგებში იდგა. ათასობით გულანთებული კომუნისტისთვის ეს თაყვანისცემის ადგილი იყო, დღეს კი ალბათ უფრო ტურისტული დანიშნულება აქვს, მაგრამ ბელადის მიწისთვის მიბარებას არავინ ჩქარობს.

მარადონას წერილში, რომელიც 13 ოქტომბრით არის დათარიღებული, წერია: „ღრმა ანალიზის შედეგად, გადავწყვიტე გამოვხატო სურვილი, სიკვდილის შემდეგ მოხდეს ჩემი სხეულის ბალზამირება და დამასვენონ პირობითად მუზეუმში, რაც შეიძლება მეტი ჯილდოთი, პირადი ნივთებით და საყვარელი მოსაგონარით გარემოცული, რათა კვლავ მივიღო ადგილობრივი მოსახლეობის სიყვარული”.

ბუენოს აირესის „ბელა ვისტას” სასაფლაოდან მარადონას სხეულის ამოსვენება მოითხოვა ფეხბურთელის ბოლო პარტნიორი ქალის, ვერონიკა ოხედას ადვოკატმა მარიო ბაუდრიმაც. მან თქვა:

„გეგმაშია გულშემატკივართათვის სადმე მავზოლეუმის მოწყობა. ამას თვით მარადონა განიხილავდა თავის ძმებთან ერთად. ჩვენი მიზანი სერიოზულია, კონკრეტული და ხარჯსაც გავიღებთ, თუმცა საბოლოოდ ეს ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებლობა გახდება”.