გასაკვირი იქნება, თუ ეს მატჩი ოდესმე შედგება. ჯერ იყო და, მას არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ბორჯღალოსნებისთვის, რადგან მარტში ქართველები რუსებს უკვე ევროპის ჩემპიონების რანგში ხვდებოდნენ. მაგრამ ის თამაში მატჩის წინა დღისთვის გადაიდო… მერე გადაწყდა, რომ თამაში შემოდგომის ტესტების პერიოდში გაიმართებოდა – 1 ნოემბერს, მაგრამ ბოლო მომენტში „რაგბი ევროპის“ მამებმა ეს მატჩიც გადადეს. ამ შემთხვევაში ხსენებულ თამაშს ბორჯღალოსნებისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – ეს იქნებოდა სათამაშო პრაქტიკის მიღება „შემოდგომის ერთა თასის“ დაწყებამდე და ვინ იცის, რუსებთან რეპეტიცია რომ შემდგარიყო, იქნებ ჩვენი ბიჭები ბრიტანეთსა და ირლანდიაშიც უკეთ გამოსულიყვნენ, რადგან უთამაშებლობა მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად დასახელდა.
ორივე გადადების მიზეზი ხომ ცხადია – კორონავირუსის პანდემია…
ახლა კი ხსენებულმა ორგანიზაიამ 2021 წლის სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წელს ვერშემდგარი მატჩებით გაიხსნება.
ამდენად, გამოცხადდა, რომ 2020 წლის გადადებული მატჩები, კერძოდ საქართველო – რუსეთი, ესპანეთი – პორტუგალია და რუმინეთი – ბელგია, გაიმართება 6/7 თებერვალს. თარიღები, მატჩების დაწყების დრო და გამართვის ადგილები დაზუსტდება მოგვიანებით.