იანის ადეტოკუმბო 2021 წელს NBA-ის ყველაზე სასურველი თავისუფალი აგენტი იყო. „მაიამი“, „დალასი“, „ტორონტო“ და „ლეიკერსიც“ კი მსუყე შეთავაზებებს ამზადებდნენ და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
მთავარი პრეტენდენტი მაინც იანისის დღევანდელი კლუბი „მილუოკი“ იყო, რომელსაც 1,5-ჯერ მეტის შეთავაზების უფლება ჰქონდა. ხუთწლიან კონტრაქტში 228 მილიონი მშობლიური კლუბიდან ან 145 მილიონი და ახალი გარემო.
როგორ ფიქრობთ, რას აირჩევდა იანისი? ბერძენმა აირჩია და ვისკონსინის შტატში ნამდვილი სახალხო ზეიმია. NBA-ის წესებით, კალათბურთელს შეუძლია ძველი კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე იმავე კლუბთან ახალს მოაწეროს ხელი თუ სეზონის MVP არის, თუ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა ან 7 წელი აქვს გუნდში გატარებული.
იანისი ყველა ამ პირობას აკმაყოფილებს. კონტრაქტის თანახმად, თანხა წლების მიხედვით ზრდადია და 2025-2026 წლების სეზონში იანისი 52 მილიონ დოლარს მიიღებს.
აქამდე 50 მილიონი ერთ სეზონში არც ერთი კალათბურთელისთვის არ გადაუხდიათ. არადა, იანისი ის ბიჭია, მშიერი ბავშვობა რომ გაიარა. პირველი მენეჯერი ნოყიერ საკვებს ყიდულობდა, რომ 205 სმ სიმაღლის და 88 კგ წონის ყმაწვილი მოეღონიერებინა, ის კი მხოლოდ მეოთხედს ჭამდა და დანარჩენს მენეჯერის ჩუმად სამ ძმას უნაწილებდა. თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა და მერე იყოს…