საქართველოს ნაკრების 23 წლის შუამარბი გიორგი კვესელაძე მარნეულის „არმაზიდან“ ინგლისის პრემიერშიფის „გლოსტერში“ გადავიდა!
„შემოდგომის ერთა თასზე“ კვესელაძემ ნაკრებში, როგორც იქნა, შუამარბის პოზიციაზე ითამაშა, რისი საშუალებაც აქამდე იმის გამო არ მისცემია, რომ დიდი ხანი ბორჯღალოსანთა 13-ნომრიანი კვართით დავით კაჭარავა თამაშობდა – ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენი.
მაგრამ კაჭარავამ სპორტული კარიერა დაასრულა, პარლამენტის წევრი გახდა, კვესელაძე კი გარემარბიდან შუამარბად გადაკვალიფიცირდა. ამ სვლამ შედეგი გამოიღო – ახალგაზრდა მორაგბემ „რვა ერზე“ კარიერის საუკეთესო მატჩები ჩაატარა, ხოლო ირლანდიასთან წაგებულ შეხვედრაში სუპერ-ლელო მიითვალა. ეს ლელო ჯერ მესამე ტურში დასახელდა საუკეთესოდ, ხოლო ტურნირის შემდეგ სრულიად შემოდგომის ერთა თასის უპირველეს ლელოდ აღიარეს.
გარდა ამისა, „კვესო“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა და იმავე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ეს ყოველივე არ გამორჩენიათ „გლოსტერის“ მესვეურებს და მათ ქართველ შუამარბს 2-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, რაზეც, ცხადია, თანხმობა მიიღეს და გიორგი კვესელაძე 2022 წლის ზაფხულამდე ინგლისის ჩემპიონატის მონაწილე ამ კლუბის წევრი იქნება.