„რეალმა” კვლავ შეძლო მისთვის რთულ სეზონში კარგი ფეხბურთის თამაში. მან ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში, ქარიმ ბენზემას ორი გოლით „გლადბახი” დაამარცხა და ცხრილის სათავეში მოექცა. ვეტერანმა ფრანგმა მე-9 და 32-ე წუთებზე გაიტანა. გერმანული გუნდი, წაგების მიუხედავად, მეორე ადგილზე გავიდა, რადგან „ინტერმა” და „შახტარმა” 0:0 ითამაშეს.
„მარკა” წერს, რომ „თეთრებმა” ამ შეხვედრაში გულშემატკივრის იმედი გაამართლეს როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად. ცალკეულ ფეხბურთელთაგან გაზეთი გამოყოფს ხორვატ ვეტერანს ლუკა მოდრიჩს; ამბობს, რომ ლუკას ვასკესი ჩინებულ განაპირა მცველად ჩამოყალიბდა; როდრიგო, როგორც ფეხბურთელი, სწრაფ ზრდას განაგრძობს; მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კი პირველ ტაიმში გუნდს ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ფეხბურთი აჩვენებინა.
„მარკა” აღფრთოვანებულია, რომ ზიდანი მორიგ კრიზისს მშვიდად და ვაჟკაცურად ართმევს თავს.
კიდევ, გაზეთი წერს, რომ მოდრიჩთან ხელშეკრულების არ-გაფორმება კლუბის მხრიდან დიდი შეცდომა იქნება. 35 წლის ხორვატი ისე თამაშობს, გეგონება ისევ ოცდახუთის იყოსო. მართალია, „გლადბახს” ვერ გაუტანა, მაგრამ ერთ გოლს ნამდვილად იმსახურებდაო. ბენზემამ ანგარიში მისი ჩაწოდებით გახსნა.
ფრანგმა თავდამსხმელმა, რომელიც 32 წლის არის, „რეალის” შემადგენლობაში 527-ე შეხვედრა ჩაატარა. ამ რიცხვს კი „მარკა” ხაზს იმიტომ უსვამს, რომ უცხოელთა მიერ „თეთრი მაისურით” ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით, ბენზემა რეკორდსმენ რობერტო კარლოსს დაეწია.
259 გოლით, ქარიმ ბენზემა, „რეალის” ისტორიაში, ბომბარდირთა შორის მეხუთეა.
მეორე საგოლე პასი ფრანგს როდრიგომ ჩააწოდა. დევიდ ბექემის სტილში შესრულებული ბრაზილიელის პასი დახვეწილი რომ იყო, ქვემოთ, ვიდეთი შეგიძლიათ დარწმუნდეთ.
თამაშის ნაკლად მადრიდული გაზეთი იმას მიიჩნევს, რომ მოედანი მეტისმეტად დასველებული, ფაქტობრივად აქა-იქ დატბორილი იყო, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ამას თამაშის ხარისხზე არ უმოქმედია.