დემბა ბა საზოგადოებრივად აქტიური პიროვნება აღმოჩნდა და როდესაც შეიტყო, რომ მისი გუნდის ასისტენტ-მწვრთნელს პიერ ვებოს მეოთხე მსაჯმა (სავარაუდოდ) რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, იმდენი ქნა, რომ „ბაშაქშეჰირისა” და „პარი სენ ჟერმენის” თამაში ჩაშალა — ფეხბურთელები მოედნიდან გავიდნენ. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის შეხვედრა. როდესაც გუნდებმა მინდორი დატოვეს, მიმდინარეობდა პირველი ტაიმი და ანგარიში იყო 0:0.

რასაკვირველია, ფეხბურთელები გასახდელებში მყისიერად არ გაქცეულან. მატჩის შეწყვეტას წინ კარგახნიანი გაჩერება უძღოდა, რომლის განმავლობაშიც სტამბოლის გუნდმა გადაწყვიტა, პროტესტის ნიშნად აღარ ეთამაშა. მიზეზი: „ვებო რასისტულად შეურაცხყვეს”.

მეოთხე მსაჯი, რომელმაც სავარაუდოდ ეს ჩაიდინა, გახლდათ რუმინელი სებასტიან კოლტესკუ.

შეხვედრა დღეს განახლდება. მას მსაჯთა ახალი ბრიგადა მოემსახურება.

არადა, ისტორია კამერუნელი ვებოსთვის წითელი ბარათის ამოღებით დაიწყო: შეხვედრის მე-16 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც არბიტრ ოვიდიუ ჰატეგანს კოლტესკუმ დაუძახა და ვებო გააგდებინა, სკამიდან არასათანადო რაღაც დაიძახაო. სწორედ აქ ჩაერია საქმეში სათადარიგო ფეხბურთელი ბა, ხოლო სტამბოლოს კლუბმა „ტვიტერზე” რასისტული შეურაცხყოფის ამბავი დაწერა.

ისმოდა, როგორ ყვიროდა „ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი: „თქვენ არასდროს ამბობთ „ეს თეთრი ბიჭი”. როდესაც თეთრებზე ლაპარაკობთ, თქვენ ამბობთ „ეს ბიჭი”. მაშ, გამაგებინეთ, როდესაც შავი ბიჭის შესახებ გინდათ რამის თქმა, რატომ ამბობთ ამბობთ, „ეს შავი ბიჭი”?”

შემდეგ გავრცელდა ვიდეო, საიდანაც კიდევ უფრო დეტალურად შეიძლებოდა რაღაცების გარკვევა. როგორც ჩანს, როდესაც კოლტესკუმ მთავარ არბიტრს უხმო, რათა „სკამიდან არასათანადო რამის” დაძახების ამბავი ეთქვა, დამძახებელის ვინაობა სიტყვა „ნეგრუს” (რუმინულია და გასაგებია, რასაც ნიშნავს) გამოყენებით აუხსნა. ეს გაიგო „ბეშაქშეჰირის” მწვრთნელმა ოქან ბურუქმა და მეოთხე მსაჯს ყვირილი დაუწყო რასისტი ხარო.

საბოლოოდ, სტამბოლელებმა გამოაცხადეს, რომ სანამ თამაშს სებასტიან კოლტესკუ მოემსახურება, ისინი მოედანზე აღარ დაბრუნდებიან.

მათ მხარი აუბეს „პარი სენ ჟერმენის” მოთამაშეებმაც.

RMC-ს ცნობით, თავიდან სხვა გეგმა იყო: დემბა ბას და პარიზელ მარკინიოს მოულაპარაკიათ, თამაში მაინც არ ჩაეშალათ და მოედანზე ორივე გუნდის ფეხბურთელები ხელიხელჩაკიდებულები დაბრუნებულიყვნენ.

თამაშის ჩაშლის შემდეგ კი სოციალური ქსელები გააქტიურდა. პსჟ-ს ვარსკვლავმა კილიან მბაპემ „ტვიტერზე” დაწერა: „არა რასიზმს! ვებო, ჩვენ შენთან ვართ”.

მისმა თანაგუნდელმა ნეიმარმა თავის მხრივ BLACK LIVES MATTER დაწერა.

რასიზმის წინააღმდეგ ხმა თვით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც აიმაღლა. მან დაწერა: „ჩვენ უპირობოდ რასიზმის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ წინააღმდეგი ვართ დისკრიმინაციის სპორტში და ცხოვრების ყველა სფეროში”.

უეფამ, რასაკვირველია, დაწერა, რომ ზედმიწევნით შეისწავლის ინციდენტს და შესაბამისად მოიქცევა.

თამაში დღეს განახლდება. H ჯგუფში პირველი ადგილზე გასასვლელად „პარი სენ ჟერმენს” მოგება სჭირდება.