მას მერე, რაც „იუვენტუსმა” კრიშტიანო რონალდუს მიერ „თითქმის შეუსრულებელ მისიად” მონათლული მისია შეასრულა და ბარსელონაში 3:0 მოიგო, პორტუგალიელმა თქვა, რომ ლეო მესის მოქიშპედ არასდროს აღიქვამდა.

„ბებერ ქალბატონს” „ბარსასთან” შინ 0:2 ჰქონდა წაგებული და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ეს ჩამორჩენა უნდა გადაეწონა.

„ეს იყო თითქმის შეუსრულებელი მისია, რომლისთვისაც ძლიერი სტარტი გვჭირდებოდა — თქვა რონალდუმ Movistar-თან საუბრისას, — და როდესაც 20 წუთში ანგარიში უკვე 2:0 იყო ჩვენს სასარგებლოდ, ვირწმუნეთ, რომ დასახული ამოცანის შესრულებას შევძლებდით. ეს გახლდათ გამარჯვება რომელსაც ჩვენთვის საკუთარი თავის რწმენა უნდა გაეძლიერებინა და ის დიდ გუნდთან უნდა მოგვეპოვებინა”.

რონალდუმ „ბარსელონას” კარში ორი პენალტი გაიტანა, რომელთაგან პირველი მასპინძლების აზრით არ უნდა დანიშნულიყო. პორტუგალიელს ამის შესახებაც ჰკითხეს.

„ვერაფერს გეტყვით, ეპიზოდი ტელევიზორში ჯერ არ მინახავს. ხანდახან მსაჯები „რბილ” პენალტებსაც ნიშნავენ, მაგრამ დეტალებში შესვლა არ მინდა, რადგან მსაჯობა ყოველთვის რთული საქმეა. აქ , მთავარი სხვა რამ არის: როდესაც „კამპ ნოუზე” სამი გოლი გაგაქვს და ჯგუფში პირველ ადგილზე გადიხარ, დამსახურებულ გამარჯვებაში ეჭვის შეტანა წარმოუდგენელია”.

„იუვენტუსისა” და „ბარსელონას” პირველ შეხვედრაში რონალდუმ კორონავირუსის გამო ვერ ითამაშა.

„მე და მესი საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვებაზე 12-13 წელი მთავარი გმირები ვიყავით და მე ის მოქიშპედ არასდროს მიმაჩნდა. დაპირისპირება მედიამ მოიგონა. ერთმანეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. თუ ლეოს ჰკითხავთ, ისიც იმავეს გიპასუხებთ”.