მას მერე, რაც 2019 წლის ზაფხულში „ჩელსიდან” „რეალში” გადავიდა, ედენ აზარი მადრიდელებს წუთში 72 000 ევრო უჯდებაო, დაწერა ესპანურმა AS-მა. გაზეთმა თქვა, რომ ტრანსფერიდან სამ წელიწადში „თეთრები” ლონდონში ფულის გადარიცხვას დაასრულებენ და თანხა ჯამში  157,5 მილიონი ევრო იქნება.

29 წლის ბელგიელი „სანტიაგო ბერნაბეუზე” 18 თვის წინ გადაბარგდა, ოღონდ მას მერე 26 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაიატანა — სულ ეს არის მისი მონაგარი. მადრიდელთა შეფები ალბათ, ფიქრობენ, რომ ამ თავდამსხმელის ყიდვა არ ღირდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებენ.

აზარი, მოგეხსენებათ, ახლაც დაშავებულია. ამბობენ, რომ ის 2020 წლის ბოლომდე ექიმებთან ივლის. რაც „რეალში” გადავიდა, მან უკვე 41 შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა, ეს კი, რასაკვირველია, ბევრია. ხოლო, დღეიდან ახალ წლამდე კიდევ 6 მატჩია, რომელთა შორის ერთ-ერთი გახლავთ შეხვედრა მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გამსვლელ-დამრჩენის ვინაობა უნდა გაარკვიოს.

სტატისტიკა ულმობელი დარგია, სურათს ნათლად ხატავს: რაც „რეალში” გადავიდა ედენ აზარს ჯანმრთელობის უკვე ცხრა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პრობლემა ჰქონდა. ამას დაამატეთ კორონავირუსი, რომელმაც მას სანაკრებო შეხვედრები გამოატოვებინა.

ახლა, მოდი, შევადაროთ რა ხდებოდა, როდესაც ბელგიელი „ჩელსიში” თამაშობდა: მას 7 წელიწადში მხოლოდ 20 შეხვედრა გაუცდა. ედენ აზარმა „ლურჯების” შემადგენლობაში 110 გოლი შეაგდო და ხუთი დიდი ჯილდო მოიგო.