როდესაც საქმე თითქოსდა კარგად წავიდა, უარესობისკენ სწორედ მაშინ შემოტრიალდაო, წერს კატალონიური გაზეთი „სპორტი”. „ბარსელონა” ალვარო კერვერას კარგად ორგანიზებულ „კადისთან” 1:2 დამარცხდა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ეს უკვე მეექვსედ შეაგდო „ბარსას” მეტოქემ პირველი გოლი მიმდინარე სეზონში და… რამდენჯერაც პირველი გოლი მოწინააღმდეგემ გაუტანა, რონალდ კუმანის გუნდმა იმდენჯერ ვეღარ მოიგო. ამ შემთხვევაში კი სულაც დამარცხდა.
პირველი გოლი „ბლაუგრანას” ალვარო ხიმენესმა გაუტანა. მან ოსკარ მინგუესას შეცდომით ისარგებლა — ეს იყო პირველი ლაფსუსი, რომელიც 21 წლის მინგუესას ბოლო ორ შეხვედრაში ანუ მას მერე მოუვიდა, რაც დაშავებული ჟერარდ პიკეს ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში თამაში ანდეს. მან საკუთარ კარში დაარტყა თავური. მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჩინებულად მოიგერია, მაგრამ ხიმენესმა საჩუქარი შეირგო და დაამატა.
ამ გოლის პასუხად პირველ ტაიმში „ბარსამ” სულ ორიოდ საგოლე მომენტი შექმნა. ერთხელ მარტინ ბრაიტვაითმა დაარტყა, მაგრამ აუღეს; აქა-იქ კი ლეო მესიმ გაამწვავა თამაში, მაგრამ სულ ეს იყო. ხოლო, ანტუან გრიზმანი დაბრუნდა „არსად” — იქ, საიდანაც ბოლოხანს თითქოს გამოდიოდა.
შესვენების შემდეგ მესიც აღარ ჰგავდა თავის თავს, მაგრამ ანგარიში მაინც გათანაბრდა — პედრო ალკალამ ჟორდი ალბას ჩაწოდებული ბურთი თავის კარში შეაგდო.
„ბარსელონასთვის” ეს თითქოს გარდამტეხი მომენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 63-ე წუთზე კლემენტ ლენგლემ „ჩაიძინა” და… ალვარო ნეგრედოს მიერ „ბარსას” კარში გატანილი გოლი შეგიძლიათ ქვემოთ, ვიდეოზე იხილოთ.
ამის შემდეგ კი, როგორც მოსალოდნელი იყო, კუმანმა „კადისის” კარს ყველა ფორვარდი მიასია, თუმცა შედეგი ვერ დადო. ორიოდ მომენტი შექმნა და ამით ამოიწურა ყველაფერი.
ამრიგად, 10 ტურის შემდეგ (4-2-4) „ბარსელონას” მხოლოდ 14 ქულა აქვს და ლიდერ „ატლეტიკოს” 12 ქულით ჩამორჩება.