„მარკა” წერს, რომ მას მერე, რაც 2018 წლის 26 მაისს, მსაჯმა მილორად მაჟიჩმა, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, ჩასტვინა და დააფიქსირა, რომ „რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულს” 3:1 მოუგო, მადრიდელთა გუნდში ბევრი რამ შეიცვალა: „ლოს ბლანკოსის” ისტორიაში დაიწყო ახალი ეპოქა, რასაც დასაბამი კრიშტიანუ რონალდუსა და ზინედინ ზიდანის წასვლამ დაუდო.
იმ ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რომელიც მაჟიჩის ჩასტვენის შემდეგ გავიდა, „რეალმა” ევროპის ტოპ კლუბის პოზიცია დაკარგა. მართალია, „სანტიაგო ბერნაბეუზე” მწვრთნელად კვლავ ზინედინ ზიდანი მიიყვანეს, მაგრამ ფრანგმა „თეთრებს” ელიტაში ადგილი ვერ დაუბრუნა.
წარუმატებელი ტრანსფერები
კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვით მიღებული 100 მილიონი ევრო „რეალმა” ვინისიუს ჟუნიორისა და როდრიგოს შეძენაში დახარჯა. იმხანად, ორივე ბრაზილიელი ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ვინისიუსი და როდრიგო ის ფეხბურთელები არ არიან, რომლებიც „პირადად” მოიგებენ ჩემპიონთა ლიგას.
ვინისიუსი მხოლოდ 20 წლისაა და უკვე 83 შეხვედრაში სცმია „რეალის” ფორმა, მაგრამ… მხოლოდ 11-ჯერ მოახერხა გოლის შეგდება. პროცენტული თვალსაზრისით როდრიგოს უკეთესი სტატისტიკა აქვს (37 შეხვედრაში 8 გოლი), ოღონდ კრიშტიანუს მიერ დატოვებული სიცარიელის შემვსები ნამდვილად არ არის.
კიევური ფინალის შემდეგ „თეთრებმა” შეიძინეს ვეტერანი ფორვარდის ქარიმ ბენზემას კონკურენტებად თუ შემცვლელებად ჩაფიქრებული მარიანო დიასი და ლუკა იოვიჩი. მადრიდელთათვის სამწუხაროდ ამ შემთხვევაშიც თავი იჩინა ყბადაღებულმა ფრაზამ – „იყიდეს, მაგრამ”…
ბოლო წლების ყველაზე მსხვილი შენაძენი კი გახლდათ ბელგიელი ედენ აზარი. მასში „რეალმა” 2019 წლის ზაფხულში 100 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა კლუბსაც და ფეხბურთელსაც იღბალმა ზურგი აქცია. აზარის ცხოვრებაში დაუსრულებელი ტრავმების პერიოდი დაიწყო, რასაც ბელგიის ნაკრების ექიმები ზიდანის არასწორ ვარჯიშებს აბრალებენ.
დაცვაში, „რეალმა” დაიმატა ედერ მილიტაო, რომლის სანაცვლოდაც „პორტუს” 50 მილიონი ევრო გადაუხადა და ალვარო ოდრიოსოლა — 40 მილიონი „რეალ სოსიედადს”, მაგრამ…
ზოგი ვერ გაიზარდა
კრიშტიანუს წასვლის შემდეგ „რეალს” მარკო ასენსიოსი ეიმედებოდა. სამწუხაროდ, 2018-19 წლების სეზონი ასენსიოსთვის უხეირო გამოდგა, 2019-20 წლების სეზოში კი მუხლის სერიოზული ტრავმის გამო ფაქტობრივად არ უთამაშია.
2018-19 წლების სეზონის დაწყებიდან მარკო ასენსიომ 66 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, რაც თითქოს ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ „რეალს” ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად რომ სჭირდება, ის ფეხბურთი არ გახლავთ.
„მარკა” იმედოვნებს, რომ როდესაც ასენსიო ფიზიკურ ფორმას აღიდგენს, კარგადაც ათამაშდება.
რაფაელ ვარანისგან კი ლიდერად ჩამოყალიბებას ელოდნენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მას კაპიტნობა მოუხდა, მაგრამ „მოუხდა” ერთია და სამკლავურის სხვებისთვის გამობრდღვნა და გუნდის მწვერვალებისკენ გაძღოლა — მეორე. გარდა ამისა, ბოლო თვეებში, უხეშმა შეცდომებმა, მისი რეპუტაცია ცოტა არ იყოს, შელახა.
ერთადერთი აღმოჩენა
ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც „რეალს” კიევური ფინალის შემდეგ შეემატა და გუნდს კვალი დააჩნია, არის ფედე ვალვერდე. 22 წლის ურუგვაელმა გზა იმ ნახევარდაცვაში გაიკაფა, რომელიც თვით ლუკა მოდრიჩისგან, კაზემიროსგან და ტონი კროოსისგან შედგებოდა.
ვეღარ ბრწყინავენ
ისკო და მარსელო ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ სამი ტრიუმფის თანამონაწილენი გახლდნენ, მაგრამ მას მერე მათი თამაში დაღმა წავიდა. სანტიაგო სოლარიმ „რეალის” სათავეში ყოფნის დროს ისინი ჩამოწერა; ზიდანმა პირიქით, წყვილის „გაცოცხლება” სცადა, მაგრამ ფეხბურთელებმა მხარი ვერ აუბეს.
ვეტერანები
მადრიდელთა ბურჯებად ვეტერანები, სერხიო რამოსი და ქარიმ ბენზემა რჩებიან. კრიშტიანოს წასვლის შემდეგ, „რეალის” გოლების დიდი ნაწილი სწორედ ამ ორ ფეხბურთელზე მოდის.