1980-იანი წლები: ტუსკეტსი და მარადონა

„ბარსელონას” მმართველი კომიტეტის პრეზიდენტი ანუ ახალი ნამდვილი პრეზიდენტის არჩევამდე კლუბის ხელმძღვანელი, კარლეს ტუსკეტსი იძულებული გახდა ლეო მესის შესახებ თავისი ამასწინდელი ნათქვამი განემარტა. უფრო სწორედ, ტუსკეტსი გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ბევრმა მისი ნათქვამი ისე გაიგო, თითქოს ის ზაფხულში არგენტინელის გაყიდვას ითხოვდა.

„მე არ მითქვამს, რომ მესის გაყიდვა მსურდა, — თქვა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა „რადიო კატალონიის” გადაცემა „ტოტ კოსტაში”, — მე ვთქვი, რომ თეორიულად, ფული რომელიც მესის გაყიდვით შეიძლებოდა მიგვეღო, კლუბის პრობლემებს დიდწილად მოაგვარებდა”.

„ბარსას” მწვრთნელის რონალდ კუმანის უარყოფით რეაქციაზე ტუსკეტსს ასეთი რეაქცია ჰქონდა: „თუ საჭიროდ ჩავთვლი, მე თვითონ ავუხსნი კუმანს, რომ ჩემი სიტყვები ცუდად უთარგმნეს”.

მოგეხსენებათ, კორონაპანდემიამ მსოფლიო ფეხბურთში ბევრი პრობლემა შექმნა, რომელთა გადასაწყვეტად კლუბები ცდილობენ დამატებითი შემოსავალი იშოვონ ან ეკონომია გასწიონ. „ბარსასთვის” ლეო მესის გაყიდვა, ცხადია, დიდძალი ფულის შემოდენის ტოლფასი იქნებოდა.

„ის, რაც მესიმ, როგორც ფეხბურთელმა კლუბს მისცა, ხარჯებს აბალანსებს, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ „ბარსელონა” ერთ ადამიანზე დამოკიდებული კლუბია. „ბარსა” დიდი ბრენდია და ის არასოდეს იქნება ერთ ადამიანზე დამოკიდებული”, — თქვა ტუსკეტსმა, შემდეგ კი დასძინა, რომ ყველაფერზე პირადად „მესის ხალხს” აუხსნის.

„და ამიერიდან მედიის წინაშე გამოსვლას შევწყვეტ”, — დააგვირგვინა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.