საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ მეორედ გახდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული. აფხაზურმა გუნდმა წყალტუბოს „სამგურალი“ პენალტების სერიაში 5:3 დაამარცხა.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ქვეყნის თასის ფინალში პირველლიგელები გავიდნენ. მატჩიც შესაფერისი გამოდგა – უინტერესო, მაგრამ დაძაბული, როგორც ფინალებს ჩვევია.

მსაჯობაც ვერ იყო მაღალ დონეზე: გაურკვეველია რატომ გააძევა „სამგურალის“ ფეხბურთელი მოედნიდან; იყო მომენტი გაგრელთა კარში პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა; აი, წყალტუბოელთა კარში კი, ფიფას არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა აშკარა პენალტი არ დანიშნა;

პენალტი იყო ამ მატჩში გოლის გატანის ერთადერთი საშუალება, სხვაგვარად გუნდები გამტანნი არ ჩანდნენ. ასეც მოხდა და, გუნდებმა ბედი 11 მეტრს მიანდეს. აქ კი, „გაგრა“ უკეთესი იყო…

აფხაზური გუნდი მეორედ წარადგენს საქართველოს ევროტურნირებზე…