„არსენალს” ასეთი ცუდი სტარტი 39 წელია არ ჰქონია, მაგრამ მწვრთნელი მიკელ არტეტა ამბობს, რომ სამსახურიდან გაშვების არ ეშინია. გუშინ, „მეთოფეებმა” შინ წააგეს, „ვულვერჰემპტონთან” (1:2), და 10 თამაშის შემდეგ მე-14 ადგილზე არიან.

ხსენებული 10 მატჩიდან „არსენალი” ხუთში დამარცხდა, მათგან ზედიზედ სამჯერ – შინ. არტეტას ქვეშევრდომებს მხოლოდ 10 გოლი აქვთ გატანილი. ქულების გრაფაში უწერიათ -13.

არტეტა: „მას მერე, რაც მწვრთნელობა გადავწყვიტე ვიცი რომ, ერთ მშვენიერ დღეს, ამა თუ იმ კლუბიდან გამიშვებენ ან თავად წავალ. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო დანიშვნიდან მეორე დღესვე, ან ექვსი თვის თუ ერთი წლის შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ამაზე არ ვღელავ. ერთადერთი, რაზეც ვზრუნავ გახლავთ ის, რომ მინდა ფეხბურთელები უკეთ ავათამაშო, კლუბს რაც შეიძლება კარგად მოვემსახურო და სულ უკეთესი და უკეთესი შედეგი დავდო. ის, რასაც დღეს „არსენალი” აჩვენებს, დამაკმაყოფილებელ შედეგთან ახლოსაც არ არის. ჩვენ ეს მდგომარეობა რადიკალურად უნდა შევცვალოთ”.

„არსენალისა” და „ვულვერჰემპტონის” შეხვედრაში საფეხბურთო ამბები დაჩრდილა რაულ ხიმენესისა და დავიდ ლუისის თავებით შეჯახებამ. ეს მატჩის დასაწყისში მოხდა. ხიმენესს საავადმყოფოში გადაყვანამდე ჟანგბადის ბალონის მიშველება დასჭირდა. ლუისმა თავსახვევით შეძლო თამაშის გაგრძელება.