კვირას, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. იმ ადგილას, სადაც ოდესღაც მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი მექა „ლენსდაუნ როუდი“ იდგა, რომელზეც ბორჯღალოსნებს ორჯერ უთამაშიათ, დღეს მშვენიერი „ავივა სთედიუმია“ აღმართული, რომელიც თავისი წინამორბედის დიდებას მხოლოდ უახლოვდება და სადაც საქართველოს ნაკრებს ასევე უთამაშია, ოღონდ – ერთხელ. უთამაშიათ ქართველ ფეხბურთელებსაც…
საინტერესო პარალელი გამოგვივა, თუ გავიხსენებთ, რომ 2002 წელს, რიგით მეორე შეხვედრაში, რომელიც მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის ეგიდით გაიმართა, ბორჯღალოსანთა ღირსებას იცავდა მორაგბე, ვის ვაჟსაც კვირას სანაკრებო ნათლობა ელის. საუბარია უფროსი თაობის ბორჯღალოსნის, დღეს წარმატებული მწვრთნელის კახა ალანიასა და მისი ნიჭერი შვილის, მიშიკო ალანიას შესახებ. ალანია-უმცროსი ფრანგულ „ორიაკში“ თამაშობს, სადაც დებიუტისას ნამდვილი ფურორი მოახდინა – შეცვლაზე შევიდა, ლელო დადო და ტურის სიმბოლურში მოხვდა. თანდათან გუნდსა და ლიგას გაუშინაურდა და ახლა „ორიაკის“ ძირითად 9 ნომრად გვევლინება. მიხეილი 20-წლამდელთა 2 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა და უმცროსი ბორჯღალოსნების ლიდერიც იყო. „ავივაზე“ ის სავარაუდოდ მეორე ტაიმში ვასილ ლობჟანიძეს შეცვლის და ეს იქნება, როგორც ზემოთ ითქვა, მისი სადებიუტო მატჩი ეროვნულ გუნდში.
იქნება მეორე დებიუტიც – ფულბექი დავით ნინიაშვილი ტრავმამოშუშებული და სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრილი სოსო მათიაშვილის დუბლიორად მოიაზრება. აი, ეს კი სრულიად ექსტრაორდინარული შემთხვევაა – ჯერ ერთი, რომ ნინიაშვილი მხოლოდ 18 წლისაა და იმ გუნდიდან მოდის, რომელმაც ამ ასაკობრივ ჯგუფში საფრანგეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა, მეორე კი ის გახლავთ, რომ ამ ჭაბუკს „დიდების“ რაგბში მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის დონეზე უთამაშია, ანუ დიდი 10-ის გამოცდილებაც არ გააჩნია. თუმცა, ვისაც მისი თამაში უნახავს, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ამ ბავშვს უთუოდ დიდი მომავალი ელის და დებიუტი „ავივაზე“ ამის საუკეთესო დადასტურებაა!
ფაქტია, რომ ირლანდია არაა ინგლისივით მიუწვდომლად ზე-ძლიერი, თუმც არც ისაა საკამათო, რომ „სამყურები“ უელსზე საგრძნობლად მაგრები არიან. ამდენად,ზედმეტი ილუზიებისგან უნდა განვთავისუფლდეთ – ეს ხომ ირლანდიაა! გუნდი, რომელმაც რამდენიმეწლის წინ ახალ ზელანდიას მოუგო და საერთოდაც, პლანეტის ერთ-ერთი მოწინავე სარაგბო ერია!
ისტორიას ჩვენი წერილის თავშივე შევეხეთ, ახლა კი ქართულ-ირლანდიურ ურთიერთობას ქრონოლოგიურად მივყვეთ:
1998 წელი, დუბლინის „ლენსდაუნ როუდი“, 1999 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩი. ირლანდიამ საქართველო 70:0 გაანადგურა და ეს იყო ბორჯღალოსნების პირველი შეხვედრა ტიერ 1-ის წარმომადგენელ ნაკრებთან.
ზემოხსენებულ 2002-ში, იგივე არენაზე, კვლავაც მსოფლიო თასის შესარჩევში, ირლანდიას უკვე რამდენადმე გაზრდილი საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდა, რომელმაც 14 ქულაც აიღო, თუმცა მასპინძლებს 63 კი გააკეთებინა და 49-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.
აი, 2007 წლის მსოფლიო თასზე კი ქართველები და ირლანდიელები უკვე ერთ ჯგუფში მოხვდნენ და სწორედ საფრანგეთის მშვენიერ ქალაქ ბორდოში გამართულ მათ შეხვედრაში იყვნენ ბორჯღალოსნები ყველაზე ახლოს ელიტური ნაკრების დამარცხებასთან.
ირლანდიელებმა 14:10 იმარჯვეს, თუმცა, დასკვნითი 20 წუთი არათუ უბრალოდ დაცვაში, არამედ საკუთარი ლელოს ხაზზე გაატარეს. ქართველებმა ექვსიერის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი გვარიანად დაჩეჩქვეს და იმხანად ვიდეორეფერი რომ ყოფილიყო, აუცილებლად მოიგებდნენ, რადგან იმ არნახულ დაძაბულობაში ჩვეულებრივი ადამიანი-რეფერის თვალს ქართველთა ლელოც გამოეპარა და ირლანდიელთა მხრიდან წესების მრავალჯერადი დარღვევაც…
დაბოლოს, ქართულ-ირლანდიუტი ჯახი უკვე „ავივა სთედიუმზე“ შედგა. 2014-ში ამ არენაზე ტესტ-მატჩი გაიმართა, რომელიც მასპიძლებმა ძალზე მარტივად მოიგეს – 49:7.
ასე რომ, 29 ნოემბერს, „ავივაზე“, საღამოს 6 საათზე დაიწყება ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა რიგით მე-5 დაპირისპირება, რომელშიც ჩვენი ერთადერთი იმედი და სურვილი 0-ზე არწაგება იქნება…
ქართველთა რაზმი საირლანდიოდ
1. მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, 64 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი („ლესტერ ტაიგერსი“, 76, 50), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“, 16, 5), 4. ნოდარ ჭეიშვილი („აია“, 26, 0), 5. ლაშა ჯაიანი („არმაზი“, 4, 0), 6. ბექა საღინაძე („ორიაკი“, 15, 5), 7. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“, 2, 0), 8. ბექა გორგაძე („ბორდო“, 30, 40), 9. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“, 54, 40), 10. თედო აბჟანდაძე („ბრივი“, 18, 104), 11. თამაზ მჭედლიძე („რუანი“, 59, 35), 12. მერაბ შარიქაძე (კაპ., უკლუბო, 69, 62), 13. გიორგი კვესელაძე („არმაზი“, 27, 20), 14. აკაკი ტაბუცაძე („ლელო-სარასენსი“, 5, 30), 15. სოსო მათიაშვილი („აკადემია“, 28, 152).
მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე („ლოკომოტივ-პენზა“, 12, 5), 17. ლექსო ყაულაშვილი („ბორდო“, 3, 0), 18. გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსე“, 20, 5), 19. გიორგი ჯავახია („ორიაკი“, 3, 0), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე („ენისეი-სტმ“, 10, 10), 21. მიხეილ ალანია („ორიაკი“, 0, 0), 22. დემურ თაფლაძე („ლელო-სარასენსი“, 4, 5), 23. დავით ნინიაშვილი („ხვამლი“, 0, 0).