პირწმინდად ჩაგდებულ 3-მატჩეულზე გულშემატკივარმა შენიშნა და მერე საფეხბურთო გადაცემაშიც ითქვა, რომ საქართველოს ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს ჭარბი წონა აქვს. ფეხბურთელებს ფორმა დაუწუნა ვლადიმირ ვაისმაც.
ეს პრობლემაა. ოღონდ, რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს, ეს მხოლოდ ფეხბურთელების პრობლემაა.
ფეხბურთელი შეიძლება იყოს ცუდ ფორმაში, თუ სურს, უმთავრესი მატჩის წინა ღამეს, თუგინდ სუფრის თავში მჯდარა. საქმე ის არის, რომ სამატჩოდ შემადგენლობას ფეხბურთელი არ არჩევს და ვინც არჩევს, ვფიქრობთ, კითხვები პირველ რიგში მას უნდა დავუსვათ.
✔ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელს თუ ჭარბი წონა აქვს და ამაზე მწვრთნელმა წინასწარ არაფერი იცის, გამოდის, რომ სამწვრთნელო შტაბს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, თუ ვის იძახებს.
✔ თუ მწვრთნელმა ფეხბურთელის ჭარბი წონის შესახებ იცის და მაინც იძახებს, კეთილი ინებოს და წაგებული თამაშის მერე, ფეხბურთელებზე კრინტი არ დაძრას, ფორმაში არ არიანო – რადგან ეს მისი პირადი არჩევანი იყო.
✔ თუ წინასწარ არ იცის და მხოლოდ ჩამოსვლის შემდეგ ხედავს, რომ ფეხბურთელი წონაშია და მაინც უხმობს მოედანზე, შედეგი იგივეა – მწვრთნელი წუწუნს შეეშვას – ეს მისი არჩევანი იყო.
და საერთოდ: ძალიან ცუდია, როცა წაგებული თამაშის შემდეგ დაინახავ იმას, რისი დანახვაც ადრევე არათუ შეიძლებოდა, არამედ ვალდებულიც იყავი დაგენახა.
და თუ მწვრთნელი ამ ყველაფერს მაინც ვერ ხედავ, არსებობენ თანაშემწეები და არსებობს ფეხბურთს ფედერაცია. ნურავინ იტყვის, რომ ეს ფედერაციის საქმე არ არის და ფედერაციას შედეგზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
ისე, გვახსოვს დრო, როცა მწვრთნელები წუწუნებდნენ, ბიჭებს სიგარეტის ფული არ აქვთო. ახლა ჭარბი წონაა პრობლემა. გამოდის, ქართული ფეხბურთი გამდიდრდა და ფერზე მოვიდა?
რაღაც, არ გვგონია, ტაბლოც ამას ამბობს…