დღეს „ლივერპული” ჩემპიონთა ლიგაში „ატალანტას” მასპინძლობს და ამ შეხვედრაში გულშემატკივარი კოვიდმოხდილ მო სალაჰს ელის. თურმე, მერსისაიდელთა ეგვიპტელი ვარსკვლავი მოედანს ასე მალე იმიტომ უბრუნდება, რომ ფეხბურთელთათვის დაწერილ კოვიდრეგულაციებში ლაფსუსია — ერთი ნიუანსი არ არის დაზუსტებული.

სალაჰის ბოლო ტესტიდან, რომელმაც დაადასტურა, რომ მას კორონავირუსი აღარ აქვს, ხუთი დღეა გასული. მავანი მედიკოსის მოსაზრებით ეს შეიძლება ცოტაა, მაგრამ საფეხბურთო სამყაროსთვის მთავარია, რომ ტესტის პასუხი უარყოფითია. კვლავ ავად რომ ყოფილიყო სათამაშოდ არავინ გაუშვებდა. ახლა, რაც შეეხება ვარჯიშისა და თამაშის ნებართვას: პრემიერლიგის წესებში წერია, რომ ფეხბურთელს ვარჯიშის და თამაშის უფლება კოვიდდადებითი (და არა უარყოფითი) ტესტიდან ათი დღის განმავლობაში არ აქვს. სხვა სიტყვებით, ის ათი დღით უნდა ჩაიკეტოს იმ დღიდან, როდესაც დაუდგენენ, რომ ვირუსი სჭირს.

კეთილი, მაგრამ რომელი ტესტიდან? აი, აქ არის სალაჰის საკითხი მიფუჩეჩებული. „სანმა” აღმოაჩინა, რომ „ლივერპულმა” იეშმაკა და თვლა პირველი ტესტიდან დაიწყო, თორემ ფეხბურთელს მაშინ, რამდენიმე დღეში, მეორე ტესტიც აუღეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ის მართლა ავად იყო.

თუმცა, covid 19 შეუსწავლელი დაავადებაა და ამიტომ, ბევრი რამ ფეხბურთთან დაკავშირებითაც ბუნდოვანი და შეუთანხმებელია. რაც ზემოთ ვთქვით, პრემიერლიგის(!) რეგულაციებს ეხებოდა, თორემ უეფა ბურთაობის უფლებას დადებითი ტესტიდან ერთ კვირაშივე იძლევა. ანუ, სალაჰის თვითიზოლაციის დღეების თვლა მეორე ტესტიდან რომ დაეწყოთ, მას ორშაბათს ვარჯიში ინგლსური წესების მიხედვით არ უნდა დაეწყო. ჩემპიონთა ლიგა კი უეფას შეჯიბრებაა.

გამოდის, რომ კაცი ინგლისშია, ამიტომ ინგლისურ წესებს უნდა დაემორჩილოს, ინგლისური წესის თანახმად არ უნდა ივარჯიშოს, მაგრამ სათამაშო აქვს უეფას ეგიდით და უეფას წესით ვარჯიში და თამაში შეუძლია.

ერთი სიტყვით, სალაჰის მაგალითზე გაირკვა, რომ პრემიერლიგამ თავის კოვიდრეგულაციებს რაღაც უნდა მოუხერხოს. ალბათ, ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს, იმის მიხედვით, თუ რას იტყვიან მის შესახებ ექიმები. სხვათა შორის, ეს თავად პრემიერლიგაშიც აღიარეს — დაავადება ყველა ადამიანთან სხვადასხვანაირად მიმდინარეობსო.

მიფუჩეჩების და ეშმაკობის გარეშე კი ბრიტანეთში ასეთი წესია: ავადმყოფმა თვითიზოლაციის ათი დღე სიმპტომების გამომჟღავნებიდან უნდა გადათვალოს, ხოლო თუ სიმპტომები არ აქვს, მაშინ ტესტირებიდან.

შეგახსენებთ, რომ სალაჰს covid 19 ეგვიპტეში, ძმის ქორწილში დაემართა. ის სამშობლოში ქორწილის გარდა, სანაკრებო შეკრებაზე იმყოფებოდა.