ხორხე ვალდანოს გადაცემაში, „უნივერსო ვალდანო”, ანტუან გრიზმანმა თქვა, რომ ლეო მესი მისმა გადაწყვეტილებამ გააღიზიანა. საქმე ეხება იმ ზაფხულს, როდესაც „ბარსელონა” გრიზმანს „ატლეტიკოსგან” ყიდულობდა, მაგრამ ფრანგმა ტრანსფერზე უარი თქვა და ამის შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღო. მაშინ მესი თავის კლუბს გრიზმანის შეძენას სთხოვდა და როდესაც უარის ამბავი გაიგო, განაწყენდა — მე სიტყვა შევაწიე, მან კი უარი მაკადრაო.

შემდეგ წელიწადს, გრიზმანი 120 მილიონ ევროდ მაინც გადავიდა „ბარსაში”. მერე ლაპარაკობდნენ, ახალწვეულს მესისთან ცუდი ურთიერთობა აქვს და გუნდთან შეგუებაში ხელს ეს უშლისო.

გრიზმანმა თქვა, რომ „კამპ ნოუზე” გადასვლისთანავე, პირველი რაც გააკეთა, კაპიტანთან საუბარი იყო.

„რომ ჩამოვედი, ლეოს ველაპარაკე, — უამბო მსოფლიოს ჩემპიონმა ხორხე ვალდანოს, — მან მითხრა, რომ წინა წელიწადს გაბრაზდა, რადგან ჩემი ტრანსფერი საჯაროდ მოითხოვა, მე კი უარი ვთქვი; მაგრამ, მესიმ იქვე დასძინა, რომ მხარში ამომიდგებოდა და მართლაც, მის მხარდაჭერას ყოველდღე ვგრძნობ”.

შემდეგ, საუბარი დოკუმენტურ ფილმს შეეხო, რომელმაც ბევრი ხალხი გააღიზიანა.

გრიზმანი: „მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ფეხბურთელისთვის ერთი კლუბიდან მეორეში გადასვლა ძნელია. გულშემატკივარს კი ეგონა, რომ ეს ფილმი თამაში იყო და მე მათ დავცინოდი. არადა, ასეთ დროს ადამიანმა არ იცის რა ქნას, მისთვის რა სჯობს, დაბნეულია. ცოლი, მშობლები და შვილები რჩევებს არ აკლებენ, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.

დოკუმენტური ფილმი რომ გადავიღე, მშობლები გამიბრაზდნენ. მათ ვერ გაიგეს, საერთოდ რა საჭირო იყო ამის გაკეთება. გარდა ამისა, მათ უნდოდათ, რომ მე „ბარსელონაში” გადავსულიყავი და უარი რომ ვთქვი, ეწყინათ”.

„კამპ ნოუზე” გადასვლის შემდეგ გრიზმანი ვერა და ვერ ათამაშდა ისე, როგორც „ატლეტიკოში” თამაშობდა, დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით.

„კრიტიკას ვიღებ, რადგან ფაქტია, რომ „ბარსელონაში” გულშემატკივარს ჩემი საუკეთესო თამაში ვერა და ვერ ვაჩვენე, — თქვა ფრანგმა, — მაგრამ ისიცაა, რომ ხშირად, როდესაც კლუბში სულ სხვა რაღაც ხდება, განტევების ვაცად მე გამოვყავართ.

აქ, წელიწადნახევრის განმავლობაში სამი მწვრთნელი გამოვიცვალე. მერწმუნეთ, ეს ადვილი არ არის. თან, თანაგუნდელებთან შეგუებას დრო უნდა. მათაც დრო სჭირდებათ, რომ მიმიღონ. ბოლოს და ბოლოს, ტაქტიკური სქემის ამდენ ცვლილებას ადაპტაცია ხომ უნდა?

კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატებიც ჩემზე ლაპარაკობენ. როგორ ფიქრობთ, ადვილია, იმის ხშირად მოსმენა, გაამართლა ჩემმა ყიდვამ თუ არა”.

ინტერვიუ ემანუელ ლოპესთან

ანტუან გრიზმანის კარიერის მწვერვალი „ატლეტიკოში” იყო, სადაც მან 2018 წელს ევროლიგაში გაიმარჯვა და მოიგო ევროპის სუპერთასი, თუმცა 2016 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.

„თავიდან გამიჭირდა, — განაგრძო გრიზმანმა, — გადმოვედი კლუბში, რომელიც ცოტა ხნით ადრე ესპანეთის ჩემპიონი გახდა და გუნდში ადგილი უნდა მომეპოვებინა. დეკემბრამდე ყველაფერი ძნელად მეჩვენებოდა, თუმცა სულ მწვრთნელის განკარგულებაში ვიყავი. საერთოდ, ყოველთვის მორჩილად ვაკეთებ იმას, რასაც მწვრთნელი მავალებს, თუგინდ ვხვდებოდე, რომ ეს დავალება ჩემთვის საზიანო იქნება”.

ადრეც მოგვიყოლია, რომ ფეხბურთელის ძველმა აგენტმა ერიკ ოლატსმა და ბიძამ ემანუელ ლოპესმა გრიზმანისა და მესის ცუდ ურთიერთობაზე ილაპარაკეს და ფრანგს ურთიერთობის გარკვევა ურჩიეს.

გრიზმანი: „ოლატსთან ურთიერთობა მაშინ შევწყვიტე, როდესაც ქორწილში დავპატიჟე და არ მოვიდა. რაც შეეხება ბიძაჩემს, მან უბრალოდ არ იცის ფეხბურთში როგორი ურთიერთობებია და ეს სფერო როგორ მუშაობს”.